ქონების დაზღვევაში საკმაოდ დიდი ზარალებია – გიორგი ბარათაშვილი

ქონების დაზღვევაში საკმაოდ დიდი ზარალებია – გიორგი ბარათაშვილი

ბოლო პერიოდში ბაზრობებზე გაჩენილმა რამდენიმე მასშტაბურმა ხანძარმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ქონებასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევის საჭიროება. დაზღვევის ეს სახეობა ბოლო წლებში იზრდება, თუმცა არა სწრაფი ტემპით, როგორც ამაზე ბაზრის მოთამაშეები აცხადებენ.

დაზღვევის სახეობებიდან ქონების დაზღვევა სექტორის პორტფელში წამყვანი არ არის, თუმცა ჯანმრთელობის და სახმელეთო ტრანსპორტის დაზღვევის სახეობების შემდეგ მოზიდული პრემიის მიხედვით ქონების დაზღვევას მესამე პოზიცია უჭირავს. მაგალითად, გასულ წელს სექტორმა ქონების დაზღვევიდან 132 მლნ ლარის პრემია მოიზიდა. ბაზრის წილის და მოზიდული პრემიის მიხედვით პირველ ადგილზე ალდაგია.

კომპანიის გენერალური დირექტორი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ დაზღვევის ამ სახეობაში გაცილებით პრობლემურია ბაზრობები, სადაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები მაღალია. გიორგი ბარათაშვილის თქმით, მზარდია ზარალიანობაც.

“დავდივართ იქამდე, რომ რეგულაციები ბაზრობებზე არ არის დაცული. ჩვენ ვიცით, რომ საკმაოდ დიდია კომუნიკაციების პრობლემა აღნიშნულ ობიექტებზე, შესაბამისად სადაზღვევო კომპანიებისთვის რთულია ამ რისკის ტარება.

ქონების დაზღვევა ზარალების კუთხითაც მძიმედ მიდის. საკმაოდ დიდი ზარალებია. წელს გვქონდა უდიდესი თოვლი, არაბუნებრივი, რამაც გამოიწვია ძალიან ბევრი ქონების ზიანი. ძალიან ბევრი შენობის სახურავი დაზიანდა, მილიონობით ზარალია, რასაც ინდუსტრია ანაზღაურებს და დარეგულირების პროცესშია. ასევე ორი დიდი ხანძარი გვახსოვს ჩვენ ბოლო დროს რაც მოხდა, ერთ-ერთი ვერის ქარხნის ტერიტორიაზე. აღნიშნული დაზღვეული იყო, ჩვენ ვეცდებით ეს უახლოეს პერიოდში დავარეგულიროთ.

კორპორაციული სეგმენტი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ დაზღვევა არის რისკის მართვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. როგორც გითხარით, პრობლემა გვაქვს ბაზრობებზე და მსგავს ობიექტებზე, სადაც კომუნიკაციების პრობლემაა, შიგნით კავშირგაბმულობის”,-აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.

ბოლო წლების სტატისტიკა ქონების დაზღვევის ბაზრის ზრდას აჩვენებს. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის 2024 წლის ბაზრის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, სადაზღვევო სექტორმა ქონების დაზღვევიდან გასულ წელს 132 მლნ ლარის პრემია მოიზიდა.

ბაზრის ყველაზე დიდი წილი – 45% “ალდაგს”აქვს, შესაბამისად მოზიდული პრემიის მიხედვითაც “ალდაგი” ლიდერობს. მეორე ადგილზეა “თიბისი დაზღვევა” ბაზრის 18%-იანი წილით, მესამე ადგილი კი “ჯიპიაი ჰოლდინგს” უჭირავს. კომპანიამ დაზღვევის ამ სახეობიდან გასულ წელს 16,3 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, რითაც ბაზრის 12%-იანი წილი დაიკავა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *