ქონების დაზღვევა მაღალი ტემპით არ იზრდება – “ჯიპიაი ჰოლდინგი”

ქონების დაზღვევა მაღალი ტემპით არ იზრდება – “ჯიპიაი ჰოლდინგი”

ბოლო 5 წელიწადში ქონების დაზღვევის ბაზარი მოზიდული პრემიის მიხედვით, თითქმის 24 მილიონი ლარით გაიზარდა. გასულ წელს სექტორმა ქონების დაზღვევიდან 132 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, რაც 2023 წელს 126,29 მილიონს, 2022 წელს კი 118,47 მილიონ ლარს შეადგენდა.

გასული წლის მდგომარეობით, ქონების დაზღვევის ბაზრის ყველაზე დიდი წილი – 45% “ალდაგს” აქვს, შესაბამისად მოზიდული პრემიის მიხედვითაც “ალდაგი” ლიდერობს, მეორე ადგილზეა “თიბისი დაზღვევა” ბაზრის 18%-იანი წილით, მესამე ადგილი კი “ჯიპიაი ჰოლდინგს” უჭირავს. კომპანიამ დაზღვევის ამ სახეობიდან გასულ წელს 16,3 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, რითაც ბაზრის 12%-იანი წილი დაიკავა.

“ჯიპიაის” არასიცოცხლის დაზღვევის ბაზარზე განვითარების დირექტორი bm.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქონების დაზღვევის პორტფელი ძირითადად მსხვილი კომპანიების ხარჯზე იზრდება, თუმცა მათ შემთხვევაში მზარდია საცალო ქონების დაზღვევის პოლისებიც. ირაკლი დვალი ამბობს, რომ ქონების დაზღვევა ძვირი არ არის, თუმცა დაზღვევის ეს სახეობა ნელი ტემპით იზრდება, რაც მისი შეფასებით, უფრო პროდუქტის ნაკლებ ცნობადობას უკავშირდება.

“ქონების დაზღვევა მაღალი ტემპით არ იზრდება. ჩვენს კომპანიაში საცალო ქონების დაზღვევა სადღაც 15-16%-ით არის გაზრდილი, მაშინ როცა არა ინდივიდუალურ კორპორაციული ქონების ზრდა მაგდენი არ არის. იქიდან გამომდინარე, რომ ჯამში მაინც მთლიანი ბაზარი იზრდება, განპირობებულია მსხვილი კომპანიების მიერ შეძენილი ქონების პოლისებიდან გამომდინარე. მთლიანი ბაზრიდან ინდივიდუალური დაზღვევის წილი არის 15 ან 13%, აქედან გამომდინარე, ზრდა არამატერიალურია.

ალბათ უფრო ცნობადობის გამოა ასე, თორემ დაზღვევა ძვირი არ არის. ჩვენი ინდივიდუალური დაზღვევის პოლისების ღირებულება ხელმისაწვდომია და სადღაც თვეში 20-25 ლარიდან უკვე შეიძლება რომ ადამიანმა დააზღვიოს თავისი სახლი. პროცენტულადაც რომ აიღოთ, ჯამურად ქონების ღირებულების 0,15-0,2%-ის ფარგლებში ტრიალებს“, – აცხადებს ირაკლი დვალი.

დაზღვევის პირობებიდან და მაღალ რისკიანობიდან გამომდინარე როგორც ჩანს სადაზღვევო ბაზრის მონაწილეთა ნაწილისთვის სავალდებულო დაზღვევის პროდუქტები საინტერესო არ არის. კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” არასიცოცხლის დაზღვევის ბაზრის განვითარების დირექტორი ამბობს, რომ სწორედ ამის გამო დაზღვევის ამ სახეობის განვითარება ძირითადად მსხვილი და საშუალო იურიდიული პირების სეგმენტით ხდება.

„სავალდებულოობა ეხება მოქმედი კანონით მხოლოდ ბიზნესის ვიწრო სეგმენტს, რომელიც ძალიან არამატერიალურია. ჩვენი კომპანია არ აქტიურობს დაზღვევის ამ სახეობაში, იქიდან გამომდინარე, რომ იქ კონკურენცია ძალიან მაღალია და პირობები არამიმზიდველ დონემდე ჩამოდის, ზარალები კი ბევრია. თუნდაც ახლანდელი ხანძრის შემთხვევა ბორჯომის ვაგზალზე, ძალიან დიდია ზარალი ჯამში, რომლის დათვლაც მიმდინარეობს, ჩვენ კომპანიაში არ იყო დაზღვეული, თუმცა რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, მილიონობით ზარალზეა საუბარი, თვითონ დაზღვევის ამ სახეობაში აკრეფილი პრემიები ბევრად ნაკლები იქნება, ასე რომ არ არის დაბალანსებული ფასები და პირობები ამ სახეობაში. ძირითადად ჩვენ ნებაყოფლობით დაზღვევაში ვაქტიურობთ და ჩვენი კონტინგენტი არის მსხვილი და საშუალო იურიდიული პირები“, – აცხადებს ირაკლი დვალი.

როგორც ცნობილია, 2018 წლიდან სავალდებულოა მოსობრივი თავშეყრის ადგილების დაზღვევა. ასეთ ობიექტებს განეკუთვნება სავაჭრო ცენტრები, ბაზრობები, 100-ნომერზე დიდი სასტუმროები და ავტოგასამართი სადგურებიც კი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *