ქართული კოსმეტიკური ბრენდი Piel Naturals ქუვეითში მალე ოფიციალურად იქნება წარმოდგენილი. როგორც კომპანიის დამფუძნებელი თათუკა ლომაძე BMGtv-ს გადაცემასთან “ქალების ნარატივი” აცხადებს, მაღაზიის გახსნის პროცესი დასასრულს უახლოვდება და დარჩენილია მხოლოდ ერთი საბუთის მოწოდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან.
„ჩვენ უკვე გვაქვს ქუვეითში მაღაზია. თუმცა, მაღაზიის გახსნა ბიუროკრატიულმა ცვლილებებმა გააჭიანურა. ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად, რომელსაც ამ დრომდე ექსპორტისთვის ვიყენებდით, დაემატა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გასცეს”, – ამბობს თათუკა ლომაძე.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომპანიამ ჩართო სახელმწიფო უწყებები და ქუვეითში საქართველოს საელჩოც შესაბამისი, რომელიც შუამდგომლობდა ორ ქვეყანას შორის.
„ველოდებით მხოლოდ ერთ საბუთს. როგორც კი ის ხელთ გვექნება, მაღაზია ოფიციალურად გაიხსნება,“ – აცხადებს ლომაძე.
მისივე ინფორმაციით, ქუვეითი იმ არაბულ ბაზრებს შორისაა, სადაც ბრენდის პროდუქცია ყველაზე მაღალ ინტერესს იწვევს.
„ჩვენ ვაკვირდებოდით, ვინ არის ჩვენი მომხმარებელი და ვინ არის მსყიდველუნარიანი აუდიტორია. აღმოჩნდა, რომ ეს არაბული ქვეყნებია – განსაკუთრებით ქუვეითი. ამიტომ სწორედ ამ ბაზრის არჩევა გადავწყვიტეთ,“ – ამბობს თათუკა ლომაძე.
მისი თქმით, ქუვეითში გახსნილი მაღაზია Piel Naturals-ისთვის პირველი პრეცედენტია ბრენდის ფრენჩაიზის გაყიდვის კუთხით. მომავალში კი კომპანია გეგმავს, ექსპანსია სხვა საერთაშორისო ბაზრებზეც გაავრცელოს.
ინფორმაციისთვის, Piel Naturals არის ქართული კოსმეტიკის მშობლიური ენდემური ბრენდი, რომელიც პროდუქციას ყურძნის წიპწის 8000 წლიან ისტორიას, ნატურალურ, ვეგანურ, ბუნებრივ, ინოვაციური 100%-მდე ნატურალური ფორმულებით GMP-სა და ISO სტანდარტის საწარმოში უკვე 8 წელია ქმნის.