Visa, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, Visa-ს ბიზნეს ლაუნჯ სივრცეს მოაწყობს. პარტნიორობის შეთანხმებას ხელი Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში, დიანა კიღურაძემ და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა მოაწერეს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ბიზნეს ლაუნჯის სივრცის მოწყობის მიზნით, ინტერესი Visa-მ გამოხატა. ლაუნჯის სივრცე აეროპორტის გაფრენის დარბაზში მოეწყობა, სრულად აღიჭურვება და მიმდინარე წლის დეკემბრის თვიდან ამოქმედდება.
„Visa განაგრძობს ტურიზმის და ინოვაციების მხარდაჭერას საქართველოში. დღეს, პარტნიორებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის შეთანხმებას და Visa-ს პირველი ბიზნეს ლაუნჯ სივრცის გახსნა დავაანონსეთ. მიხარია რომ მომხმარებლებს შევთავაზებთ სერვისს, რომელიც არა მხოლოდ გაამარტივებს მოგზაურობას, არამედ ძალიან სასიამოვნოს გახდის“, აღნიშნა დიანა კიღურაძემ, Visa-ს რეგიონულმა მენეჯერმა კავკასიასა და მოლდოვაში.
„Visa-ს პირველი ბიზნეს ლაუნჯის დამატება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. ეს იქნება განვითარების სრულიად განსხვავებული საფეხური ჩვენი აეროპორტისთვის, რომელიც კიდევ უფრო სხვა ტიპის, სრული სერვისის მქონე ავიაკომპანიების მოზიდვის საშუალებას მოგვცემს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და განსხვავებული ხასიათისა და მოთხოვნების მქონე მგზავრების სურვილების დაკმაყოფილებას შეძლებს”, განაცხადა ლევან მოსეშვილმა, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა.
ოპერირების დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის
ბიზნეს ლაუნჯი განსაკუთრებული დიზაინით იქნება გაფორმებული. თანამედროვე, მინიმალისტური კონცეფციით, ვიზიტორებს Visa-ს ბრენდის გამორჩეული კონცეფცია და მეორე სართულზე TBC კონცეპტის ლაუნჯ სივრცე დახვდებათ. ბიზნეს სივრცის ოპერირებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება განახორციელებს.
„თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა მოგზაურობაა, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ ეს პროცესი მათთვის უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ. პირველი კონცეპტ ლაუნჯი 3 წლის წინ, თბილისის აეროპორტში გავხსენით, სადაც ამ დროისათვის, 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო გამორჩეული გამოცდილება. გვიხარია, რომ თიბისი კონცეპტის მომხმარებლები იგივე შესაძლებლობებით სარგებლობას მალე ქუთაისის აეროპორტშიც, Visa-ს ბიზნეს ლაუნჯში, შეძლებენ“, თქვა ნატა ხურციძემ, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელმა.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნეს ლაუნჯი, პირველ და მეორე სართულზე მდებარე 270 კვ. მეტრ სივრცეში განთავსდება. სივრცე დაყოფილი იქნება რამდენიმე ზონად: მოსასვენებელი, სამუშაო და კვების ზონა, რაც აეროპორტის მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს, დრო გაატარონ მათი საჭიროებებისა და განწყობას შესაფერისად.
ლაუნჯის ინტერიერის თემატიკა ლოკალურ ნარატივზეა აგებული. კედლებზე წარმოდგენილია შუქ-პროექციები არგონავტების შესახებ თქმულებიდან, რომელიც წარმოაჩენს ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. აღნიშნული დეტალები დადებითად მოქმედებს მგზავრებზე და აკავშირებენ ადგილს და ისტორიას.
Visa-ს პრემიული კატეგორიის ბარათების მფლობელებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით, ლაუნჯით სარგებლობა უფასოდ შეეძლებათ.
Visa-ს შესახებ
Visa (NYSE: V) მსოფლიო ლიდერი ციფრული გადახდების სფეროში. Visa 200-ზე მეტ ქვეყანაში ამუშავებს ტრანზაქციებს, კერძოდ მომხმარებლებს, ბიზნესს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჩვენი მისიაა, დავაკავშიროთ მსოფლიო ინოვაციური,მოსახერხებელი, საიმედო და უსაფრთხო გადახდების ქსელის მეშვეობით, რომელიც ინდივიდუალური პირების, ბიზნესისა და ეკონომიკის კეთილდღეობას უწყობს ხელს. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკაში ხელმისაწვდომობის გაფართოება ყველასთვის, ქმნის საფუძველს მთელს მსოფლიოში ადამიანთა კეთილდღეობისთვის და მომავალში ფულის გლობალური მოძრაობის საწინდარია. გაიგეთ მეტი ვებგვერდზე visa.com.ge