“ღვინის გზით, მალხაზ ხარბედიას კვალდაკვალ” – 21 ივნისს ცქრიალა ღვინის ფესტივალი გაიმართება

“ღვინის გზით, მალხაზ ხარბედიას კვალდაკვალ” – 21 ივნისს ცქრიალა ღვინის ფესტივალი გაიმართება
21 ივნისს, “ღვინის კლუბის” ორგანიზებით, ცქრიალა ღვინის რიგით მესამე ფესტივალი მთაწმინდის პარკში ჩატარდება. როგორც ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნათია გაჩეჩილაძე BMG-სთან აღნიშნავს, ღონისძიება კლუბ “ანდერვილში” ჩატარდება, სადაც თავს 32 მცირე და დიდი კომპანია მოიყრის.

“ფესტივალი 12:00-დან 19:00 საათამდე უმასპინძლებს ყველას – ღვინის პროფესიონალებს, მოყვარულებს და ენთუზიასტებს, რომლებსაც აინტერესებთ ყველაფერი ქართული ღვინის შესახებ. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შეეძლებათ გაესაუბრონ მეღვინეებს, დააგემოვნონ მათი ცქრიალა ღვინოები. მეღვინეებიც შეძლებენ საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებას.

ცქრიალა ღვინის ფესტივალი პირველად 2022 წლის 24 დეკემბერს ჩატარდა. ეს პირველი შემთხვევა იყო საქართველოში, როდესაც სტუმრებს ერთ სივრცეში შეეძლოთ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სტილის ცქრიალა ღვინოები: პეტნატები, ქვევრის ცქრიალები და ა.შ. პირველ ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 29 მარანი, რომლებმაც მოსულ სტუმრებს შესთავაზეს განსხვავებული ჯიშებითა და ტექნოლოგიით წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოები”, – ამბობს ნათია გაჩეჩილაძე.

როგორც ორგანიზატორი BMG-სთან აღნიშნავს, ფესტივალი ქართული ცქრიალა ღვინის პოპულარიზაციასა და მცირე თუ დიდი მეწარმეების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. სტრატეგიულ როლს ასრულებს ფესტივალი ქართული პროდუქტისთვის საექსპორტო ბაზრების აღმოჩენასა და ექსპორტის ხელშეწყობაშიც.

საქართველო, როგორც ღვინის ერთ-ერთი უძველესი სამშობლო, სულ უფრო მეტად იპყრობს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე ღვინის წარმოების მიმართულებით. სწორედ ამ კონტექსტში, ცქრიალა ღვინის ფესტივალი ერთ-ერთი გამორჩეული და სიმბოლური ღონისძიებაა, რომელიც არა მხოლოდ ღვინის კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასაც ისახავს მიზნად.

ამასთან, ცქრიალა ღვინის ფესტივალი ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის სეგმენტის გაძლიერებას საქართველოში. უცხოელი სტუმრებისთვის ის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, დააგემოვნონ ადგილობრივი ცქრიალა ღვინოები, გაეცნონ ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას. ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება საქართველოს რეგიონებისთვის, სადაც მეღვინეობა ადგილობრივი ეკონომიკის საფუძველია. ღონისძიება ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის გაყიდვებს, ვინაიდან, მეღვინეებს შესაძლებლობა ეძლევათ, გააცნონ თავიანი ღვინოები სტუმრებს”, – აღნიშნავს ნათია გაჩეჩილაძე.

სამი წლის წინ ცქრიალა ღვინის პირველი ფესტივალი ღვინის კლუბის თანადამფუძნებლისა და პრეზიდენტის, მწერლისა და ჟურნალ “არილის” რედაქტორის, მალხაზ ხარბედიას ინიციატივით ჩატარდა. მალხაზ ხარბედია, რომლისთვისაც ღვინო იყო არა მხოლოდ ქართული იდენტობის ნაწილი, არამედ დიალოგის, განათლებისა და ქვეყნის საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრების საშუალებაც, 2 ივნისს, 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. სივრცე, რომელიც მალხაზ ხარბედიას ხედვიდან დაიბადა და ტრადიცია თანამედროვეობას დაუკავშირა, დამფუძნებლის საქმიანობას აგრძელებს.

“დღეს ღვინის კლუბი აგრძელებს მალხაზ ხარბედიას მიერ დაწყებულ საქმეებს. მისი გარდაცვალების შემდეგაც, გუნდი ერთგულად იცავს იმ ღირებულებებს, რაზეც ორგანიზაცია დაარსების დღიდან დგას. მალხაზ ხარბედიას ხედვა და მისია დღესაც ცოცხალია და ეს კლუბის მიერ ჩატარებულ ფესტივალებსა თუ სხვა ღონისძიებებზეც აისახება. ის თვლიდა, რომ ღვინო არის არა მხოლოდ სასმელი, არამედ ისტორია, კულტურა და ემოცია, რომელიც უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს. შესაბამისად, კლუბის მიერ ორგანიზებული ფესტივალები და სხვა ინიციატივები სწორედ ამ ემოციებისა და ისტორიის ერთმანეთისთვის გაზიარებას ემსახურება”, – ამბობს ცქრიალა ღვინის ფესტივალის ორგანიზატორი BMG-სთან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *