საქართველოში ყავის იმპორტი მხოლოდ მარტში 56%-ით გაძვირდა – მიზეზი გლობალურ ბაზარზე ყავის ფასის მზარდი დინამიკაა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა ფიქსირდება. ყავის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები მარაგებს წინასწარ ყიდულობენ, რაც მოთხოვნა-მიწოდების ბალანსზე ნეგატიურად აისახება.
ყავის ფასების დაკორექტირება მოუწიათ კომპანია Julius Meinl-ში. ავსტრიული ბრენდის ქართულ წარმომადგენლობაში გვიცხადებენ, რომ ფასები პირველად ოქტომბერში კორექტირდა, თუმცა გლობალურად ფასების ზრდის ფონზე კომპანიას არსებული საფასო პოლიტიკის გადახედვა კიდევ ერთხელ აპრილში მოუწია. კომპანიის დირექტორის თამაზ მეგრელიშვილის პროგნოზით, არსებობს მოლოდინი რომ აღნიშნული ტრენდი გაგრძელდება, რაც ადგილობრივ ბაზარზე განსაკუთრებულ საფრხეებს მცირე ზომის კომპანიებს უქმნის.
“საქართველოს ბაზარზე რამდენიმე თვის მარაგები იყო შემოტანილი, რომელიც დაბალი ფასით გამოირჩეოდა და ზოგიერთმა ადგილობრივმა დისტრიბუტორმა ფასი გარკვეული პერიოდი შეინარჩუნა, მათ შორის ჩვენც, თუმცა როცა ყავის ფასმა მეორედ მოიმატა, ფასს ჩვენც მოვუმატეთ. ბაზარზე ფასები ნელ-ნელა გაიზრდება, თუმცა ბოლო ზღვარი სად გაჩერდება არავინ იცის. საბოლოო მომხმარებელზე ეს საკმაოდ კრიტიკულად აისახება.
ამან გამოიწვია ჰორეკა სექტორში პროდუქციაზე ფასების მომატებაც და საბოლოო მომხმარებელზე აისახა. ტენდენცია სავარაუდოდ გაგრძელდება, რადგან სიგნალები მოგვდის ჩვენი მომწოდებლებისგან, რომ ჯერჯერობით ფასების ზრდა ვერ ჩერდება. აქედან გამომდინარე უნდა ველოდოთ კვლავ ზრდას. დიდი კომპანიები ფასებს სხვა ხარჯების შემცირების ხარჯზე ინარჩუნებენ, მაგრამ ცოტა ხანში მათაც მოუწევთ გაზრდა. პატარა კომპანიებს ძალიან გაუჭირდათ და შეიძლება მათ ვეღარ შეძლონ ამ ტენდენციის გაძლება.
ბოლო პერიოდში მინიმუმ, 10-12%-ით არის ფასები გაზრდილი, მაგრამ როცა ზრდა დაიწყო ფასი დაახლოებით, 35-40%-ით გავზარდეთ. ფასს ვერ ვიჭერთ, რადგან თვითონ მომწოდებლისგან ძვირდება პროდუქტები. გარკვეული მარჟის ხარჯზე შევძელით რამდენიმე თვე ფასების დაჭერა, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ ეს შეუძლებელი გახდა,”- ამბობს თამაზ მეგრელიშვილი.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით საქართველოში იანვარ-მარტში წლიურ ჭრილში ყავის იმპორტის 22%-ით კლების მიუხედავად ჯამური ღირებულება 43.5%-ით გაიზარდა. მხოლოდ მარტში საქართველოს ყავის იმპორტი 56%-ით გაძვირდა და მოცულობა 8.8%-ით შემცირდა. ამავე პერიოდში ყველაზე დიდი მოცულობით ყავა ინდონეზიიდან, 3.8 მლნ დოლარის ღირებულების 764 ტონა ყავა გვაქვს ნაყიდი. ყავის ტოპ იმპორტირების სიაშია ვიეტნამი, რუსეთი, იტალია და ბრაზილია.