ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო კომპანიები

ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო კომპანიები
სასტუმროების ინდუსტრია კრიტიკულ როლს თამაშობს მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანს ემსახურება, რითაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების გაჩენასა და ეკონომიკურ ზრდას. ინდუსტრიას კომპანიათა მრავალფეროვანი არჩევანი ქმნის, იქნება ეს 5-ვარსკვლავიანი ძვირად ღირებული ბრენდი თუ ჰოსტელების ბიუჯეტური ქსელი, თითოეული მათგანი კი, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, ეკონომიკური რყევებისა, პანდემიური ორი წლისა და სამომხმარებლო ქცევის ცვლილებისა, მნიშვნელოვან კაპიტალიზაციას აგენერირებს. საჯაროდ დალისტული სასტუმრო კომპანიათა საერთო ღირებულება $435 მილიარდს აღემატება. ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო კომპანიების ათეული კი ასე გამოიყურება.

მეათე ადგილს, 11.45 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაციით სასტუმროთა ჩინური ქსელი, H World Group Limited იკავებს, რომლის პირველი სასტუმროც 2005 წელს, კუნშანის რკინიგზის სადგურის მახლობლად გაიხსნა. დღეს H World ჯგუფი მსოფლიოს 19 ქვეყანაში, 11 147 სასტუმროსა და მილიონზე მეტ ოთახს მართავს, როგორც საკუთარ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფრენჩაიზში.

მეცხრე ადგილზე Indian Hotels Company ხვდება, რომლის საბაზრო ღირებულებაც 13 მილიარდ დოლარს აღწევს. კომპანიის პორტფოლიო სასტუმროებთან ერთად კურორტებს, საფარის ტურებსა და სპა მომსახურებასაც აერთიანებს. Indian Hotels-ის ისტორია ჯერ კიდევ 1902 წელს იწყება, როდესაც კომპანიამ ინდოეთში პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, Taj Mahal Palace Hotel გახსნა. დღეს კომპანია 350-მდე სასტუმროს 4 კონტინენტსა და 12 ქვეყანაში ფლობს.

მერვე ადგილზეა Hyatt Hotels Corporatio, რომელიც 69 ქვეყნის 1350-მდე სასტუმროს აერთიანებს, მათი კაპიტალიზაცია $12.8 მილიარდია. კომპანიამ ოპერირება 1954 წელს, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტთან მცირე ზომის მოტელის გახსნის დაიწყო.

Accor ფრანგული სტუმარმასპინძლობის კომპანიაა, რომელიც არაერთი სეგმენტის, მათ შორის პრემიალურ, საშუალო და ეკონომიურ ბრენდებს მართავს. Accor მსოფლიოში რიგით მეშვიდე კომპანიაა სტუმარმასპინძლობის სექტორში. 110 ქვეყანაში 5 500-ზე მეტი განთავსების ობიექტით, Accor-ის საბაზრო ღირებულება $13 მილიარდია.

თითქმის 18 მილიარდ დოლარადაა შეფასებული Galaxy Entertainment-ის საბაზრო ღირებულება. ჰონკონგში ბაზირებული კომპანია სასტუმროებთან ერთად, სამორინეების ქსელსაც ფლობს. იგი მეექვსე ადგილზეა.

Intercontinental Hotels Group კი 6 028 სასტუმროს და 880 ათასზე მეტ ოთახს აერთიანებს. კომპანია ინგლისშია ბაზირებული და 375 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სასტუმროთა ამ ქსელს საფუძველი ჯერ კიდევ 1969 წელს ჩაეყარა, როდესაც Crest Hotels-ის ბრენდის პირველი სასტუმრო გაიხსნა, Intercontinental Hotels Group-ის საბაზრო ღირებულება 19 მილიარდი დოლარია და მეხუთე ადგილს იკავებს.

ამერიკული სამორინეებისა და კურორტების მმართველი ჰოლდინგი Las Vegas Sands 1999 წლიდან ოპერირებს და დღეს სასტუმროებს ჩინეთსა და სინგაპურში თავისი შვილობილი კომპანიის, Sands China-ს მეშვეობით მართავს. თითქმის $30-მილიარდიანი კაპიტალიზაციით კომპანია მეოთხე ადგილს იკავებს.

Oriental Land იაპონიაში ბაზირებული კომპანიაა, რომელიც სასტუმროებთან ერთად, ატრაქციონების პარკს, მათ შორის ტოკიოს დისნეის კურორტსაც მართავს. $38-მილიარდიანი კაპიტალიზაციით Oriental ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმრო კომპანიების რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს.

სასტუმროთა ქსელის გლობალური კომპანია Hilton Worldwide რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს და 60 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. კომპანიის პორტფოლიო 7 500-ზე მეტ სასტუმროს და მილიონზე მეტ ოთახს, 118 ქვეყანაში აერთიანებს. Hilton-ის ბრენდი მსოფლიოში 6 700-მდე ფრენჩაიზითაა წარმოდგენილი. კომპანია 105-წლიან ისტორიას ითვლის, რომელიც 1919 წელს, ტეხასის შტატში, 40-ნომრიან სასტუმროში დაიწყო.

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სასტუმროთა ქსელი Marriott International-ია, რომლის საბაზრო ღირებულებაც 74 მილიარდ დოლარს აღემატება. Marriott 140-ზე მეტ ქვეყანაში 30-მდე ბრენდითა და 9 000-ზე მეტი სასტუმროთია წარმოდგენილი. კომპანია პირველ ადგილს არა მხოლოდ საბაზრო ღირებულებით, არამედ სასტუმრო ნომრების რაოდენობითაც იკავებს, რაც 1.5 მილიონს აღემატება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *