“ქართული მერძევეობის ისტორიაში 2006 წლიდან არსებობს ჩვენი ასოციაცია და, ფაქტობრივად, ყველა გადამმუშავებელი, ყველის მწარმოებელი და ფერმერი არის გაწევრიანებული. წლებია ინტენსიურად და ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან. მომხმარებელი უნდა დავარწმუნო და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ყველა ქართული პროდუქტი, ყველა რძის პროდუქტი უმკაცრეს კონტროლს გადის ფერმიდან სუფრამდე – სურსათის სააგენტოს მხრიდან, კომპანიების მხრიდან, რომლებსაც უმაღლესი სტანდარტები აქვთ დანერგილი და ევროპული სტანდარტით აწარმოებენ პროდუქტს. პროდუქცია არის აბსოლუტურად ჯანსაღი და უვნებელი. სურსათის ეროვნული სააგენტო არის იმის სადარაჯოზე, რომ პროდუქტი, რომელსაც ქართველი მომხმარებელი მიირთმევს არის უვნებელი. ყველას გთხოვთ, რომ მხარი დაუჭირეთ ქართულ წარმოებას, მიირთვით ქართული რძის პროდუქტები. ყველა პროდუქტი არის უვნებელი და გაკონტროლებული“, – განაცხადა კაბახერ კონიაშვილმა.
სესის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელშიც სექტორის 40-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა, ხაზი გაესვა ბიზნესოპერატორისა და სააგენტოს ვალდებულებებს, თანამშრომლობასა და საერთო ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს სარეალიზაციო ქსელში განთავსებული რძისა და რძის პროდუქტების უვნებლობასა და საიმედოობას.
გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მიმდინარე 2025 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძისა და რძის მწარმოებელ კომპანიებსა და სარეალიზაციო ობიექტებში 4786 სახელმწიფო კონტროლი განახორციელა; დარღვევების მაჩვენებელმა, აპრილის მონაცემებით, 3,3% შეადგინა. გასულ, 2024 წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 17 ათასი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა, დარღვევების მაჩვენებელმა 3,2% შეადგინა
ორიოდე კვირაა, ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის თემაა “რძის სკანდალი”. საქმე ისაა, რომ „რადიო თავისუფლების“ მიერ 31 მარტს გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიით გაირკვა, რომ რძის მწარმოებელი კომპანია „ყვარლის ბაგა“, რომელსაც ათასობით ძროხა ჰყავს, საქონლის გამოსაკვებად ქათმის სკინტლს იყენებდა. სასამართლოს მასალების მიხედვით, ერთი ძროხა დღეში დაახლოებით 6-7 კილო ქათმის ნაკელს ჭამდა.
ამის შემდეგ 3 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ 28 მარტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად „სოფლის ნობათიდან“ ამოღებულ ხუთ ნიმუშში აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. სეს-ის ცნობით, ხაზის ყველა პროდუქტი დახლებიდან ამოიღეს.