კანის კინოფესტივალის პირველი იდეა 1939 წელს გაჩნდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, თუმცა ჰიტლერმა და მუსოლინიმ უარი თქვეს მონაწილეობაზე და ფესტივალი ვერ ჩატარდა, რადგან ევროპა ომში ჩაერთო.
დიპლომატმა ფილიპ ერლანჟერმა იდეა 1945 წელს აღადგინა, მაგრამ ომისგან დაზარალებულ ქალაქს არ ჰქონდა საკმარისი სახსრები. ამიტომ 1946 წელს ფესტივალი პირველად საზოგადოებრივი ფინანსირების მეშვეობით ჩატარდა. მისი მთავარი მიზანი იყო კინოხელოვნების მხარდაჭერა პოლიტიკური ზეწოლის გარეშე.
კინოფესტივალის წლიური საორგანიზაციო ბიუჯეტი დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს. ამ თანხის ნახევარს აფინანსებენ საფრანგეთის საჯარო სტრუქტურები, მეორე ნახევარს კი კერძო სპონსორები. ქალაქი კანი თავადაც გამოიმუშავებს 2 მილიონ ევროზე მეტ პირდაპირ ინვესტიციას და დამატებით 4.5 მილიონ ევროდ ითვალისწინებს ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ დახმარებას, რაც საერთო ჯამში 6.5 მილიონ ევრომდე აღწევს.
მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, ფესტივალი ქალაქისთვის სერიოზულ შემოსავალს იძლევა. დაახლოებით 180-220 მილიონი ევრო ფიქსირდება კანის ეკონომიკაში ყოველწლიურად ფესტივალის პერიოდში, ეს მოიცავს სასტუმროების, რესტორნების, მაღაზიებისა და სხვა სერვისების შემოსავალს.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი კანის სასტუმროების წლიური შემოსავლის თითქმის მეექვსედს წარმოადგენს. რაც შეეხება ფესტივალის მთავარ ჯილდოს ოქროს პალმის რტოს, ის დამზადებულია 18-კარატიანი ოქროსგან და მისი ღირებულება დაახლოებით €20,000-ს შეადგენს.
კანის კინოფესტივალი წელს წითელ ხალიჩაზე მკაცრ წესებს აწესებს. ფესტივალის დაწყებამდე სულ რაღაც ერთი დღით ადრე, კინოფესტივალმა ოფიციალურად განაახლა სამოსის კოდექსი, რაც უდავოდ არევს ასობით წინასწარ დაგეგმილ ლუქს.
ახალი წესებით აიკრძალა სიშიშვლე და „მოძრაობის ხელის შემშლელი მოცულობითი კაბები“ – ორი ელემენტი, რომლებიც სულ უფრო მეტად გახდა ხშირი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფესტივალმა მეტ ცნობილ სტუმარსა და მოდელს გაუხსნა კარი. დოკუმენტში ვკითხულობთ:
„ზნეობრიობის გათვალისწინებით, აკრძალულია სიშიშვლე როგორც წითელ ხალიჩაზე, ასევე ფესტივალის სხვა სივრცეებშიც. ასევე დაუშვებელია მოცულობითი კაბები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებსაც აქვს დიდი შლეიფი და რომლებიც აფერხებს სტუმართა გადაადგილებას და ართულებს ადგილებზე დასხდომას. მიღების გუნდი ვალდებულია შეაჩეროს წითელ ხალიჩაზე შესვლა იმ სტუმრებისთვის, ვინც ამ წესებს არ დაიცავს.“
ჯერ არ არის ნათელი, როგორ აისახება ეს ცვლილება იმ სტილისტებზე, რომლებმაც უკვე შეარჩიეს და დაგეგმეს თავიანთი კლიენტების წითელ ხალიჩაზე ჩასაცმელი სამოსი, ან რას ნიშნავს ეს სულ უფრო პოპულარული „შიშველი კაბების“ ტენდენციისთვის.
კანის პრესსამსახურის წარმომადგენლებმა ამ განახლებაზე აღნიშნეს, რომ ახალი წესების მიზანი არ არის წითელ ხალიჩაზე ჩაცმულობის მკაცრი რეგულირება, არამედ „სრული სიშიშვლის აკრძალვა“. ასე რომ, როგორც ჩანს, გამჭვირვალე კაბები დასაშვები იქნება, ოღონდ არ უნდა ჰქონდეთ გრძელი შლეიფები.
სტუმრებს ასევე ეკრძალებათ დიდი ჩანთების შემოტანა და აკრძალულია პოლიტიკური განცხადებები ან საპროტესტო აქციები ფესტივალის ფარგლებში.
წლევანდელ ცერემონიალს ჟიურის სათავეში ჟიულიეტ ბინოში ედგება, ასევე ჟიურიში არიან ჰალი ბერი და ცნობილი ფრანგ-მაროკოელი ავტორი ლეილა სლიმანი. ტომ კრუზი ჩამოდის “შეუსრულებელი მისიის” ახალი ნაწილის წარმოსაჩენად, ამავდროულად ფესტივალს დაესწრებიან სკარლეტ იოჰანსონი და ხოაკინ ფენიქსიც, ისევე, როგორც ჰოლივუდის სხვა უამრავი ვარსკვლავი.
ბოლოს კი უნდა ითქვას, რომ ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ამერიკელ ლეგენდას, რობერტ დე ნიროს, მიენიჭება საპატიო პალმის რტო თავის კარიერულ მიღწევათა აღსანიშნავად.
შეგახსენებთ, რომ კანის კინო ფესტივალი 13-დან 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.