ყირიმი — რუსეთს, უკრაინა NATO-ში ვერ გაწევრიანდება — რაზე ისაუბრა დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში

ყირიმი — რუსეთს, უკრაინა NATO-ში ვერ გაწევრიანდება — რაზე ისაუბრა დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, ყირიმი რუსეთს დარჩება და ეს ზელენსკის ესმის. მისივე თქმით, “ყირიმი ობამამ დათმო” და თავად რომ აშშ-ს ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს არ მოხდებოდა. ტრამპმა ასევე დასძინა, რომ უკრაინა ვერასდროს გახდება NATO-ს წევრი და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მიზეზიც უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილი დაასახელა. ტრამპმა ინტერვიუში მრავალჯერ გაუსვა ხაზი, რომ მისი პრეზიდენტობის დროს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებას არ დაუშვებდა და ეს ყველაფერი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების — ჯო ბაიდენისა და ბარაკ ობამას ომია. გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს: თქვენ თქვით, რომ უკრაინაში ომს პრეზიდენტობის პირველივე დღეს დაასრულებდით. დონალდ ტრამპი: ეს მე ფიგურალურად, გაზვიადებულად ვთქვი. რადგან ამაზე ხაზგასმა მომხდარიყო. ცხადია, ხალხს ესმის, რომ ეს ხუმრობით ნათქვამი იყო, მაგრამ ისიც ითქვა, რომ დასრულდება. თქვენი აზრით, რატომ დასჭირდა ამდენი ხანი [ომის დასრულებას]? როგორ ფიქრობთ, როდის დასრულდება? არ მგონია, რომ დიდი ხანი გაგრძელდა. მე სამი თვის წინ მოვედი [პრეზიდენტად]. ეს ომი კი, სამი წელია გრძელდება. ეს არის ომი, რომელიც არასდროს მოხდებოდა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ბაიდენის ომია. ეს არ არის ჩემი ომი. მე არაფერ შუაში ვარ. ეს ომი არასდროს მოხდებოდა. პუტინი ამას არასდროს გააკეთებდა. 6 ოქტომბერი არასდროს მოხდებოდა. 7 ოქტომბერი არასდროს მოხდებოდა. არასდროს მოხდებოდა. არასდროს. მერე მეკითხებით, რატომ გაგრძელა ომი ამდენი ხანი? გესმის ეს, სტივ? ომი სამი წელია მძვინვარებს. მე ახლახან მოვედი და თქვენ ამბობთ, რატომ გაგრძელდა ამდენი ხანი? როგორ ფიქრობთ, თუ პუტინი პრეზიდენტი იქნება — მშვიდობა შესაძლებელია? ვფიქრობ, მშვიდობა შესაძლებელია. ვფიქრობ, ჩემთან, როგორც პრეზიდენტთან ერთად ეს შესაძლებელია, ეს სარწმუნოა. თუ ვინმე სხვა იქნება პრეზიდენტი, შანსი არაა. როგორ ფიქრობთ, თუ ზელენსკი კვლავ უკრაინის პრეზიდენტი იქნება, მშვიდობა შესაძლებელია? დიახ, ის ამჟამად პრეზიდენტია და ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებას შევძლებთ. უნდა დაკარგოს თუ არა უკრაინამ NATO-ში გაწევრიანების იმედი? მე არ ვფიქრობ, რომ ის [უკრაინა] ოდესმე შეძლებს NATO-ში გაწევრიანებას. სწორედ ამან გამოიწვია ომის დაწყება, როდესაც მათ [უკრაინელებმა] დაიწყეს საუბარი NATO-ში გაწევრიანებაზე. რომ არა ეს განხილვა — ბევრად დიდი შანსი იქნებოდა, რომ ეს ომი არ დაწყებულიყო. ყირიმი რუსეთს უნდა დარჩეს, თუ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს ყირიმი? ყირიმი რუსეთს გადაეცა. ბარაკ ჰუსეინ ობამამ გადასცა რუსეთს ყირიმი და არა მე. ამის გათვალისწინებით, შეძლებს უკრაინა მის დაბრუნებას? მათ თავიანთი წყალქვეშა ნავები ყირიმში ჰყავდათ დიდი ხნით ადრე. ყირიმში ხალხი ძირითადად რუსულად საუბრობს. მაგრამ, ობამამ მისცა ყირიმი რუსეთს — და არა ტრამპმა. ჩემს დროს “წაიღებდნენ” ისე, როგორც ობამას დროს? — არა, ეს არ მოხდებოდა. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, რუსეთი ყირიმს ვერ აიღებდა. იქნება თუ არა თქვენთვის მისაღები გარიგება, რომ ყირიმი და ოთხი სხვა რეგიონი, რომელიც რუსეთმა უკრაინას წაართვა, საბოლოოდ რუსეთმა მიითვისოს? ჩვენ მხოლოდ ყირიმზე უნდა ვისაუბროთ, რადგან ეს არის ის, რასაც ყოველთვის ახსენებენ. თუ რუსეთს დარჩება ყირიმი — ზელენსკის ეს ესმის და ყველას ესმის, რომ რუსეთს ყირიმი დიდი ხანია მითვისებული აქვს. ყირიმი რუსეთთან იყო ტრამპის მოსვლამდე დიდი ხნით ადრე. ისევ და ისევ — ეს ობამას ომია. ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო. მე ამას ვუწოდებ ომს, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *