ყოფილი მინისტრი: იმედია, “ოცნების” პროპაგანდისტული მესიჯი ვიზალიბერალიზაციაზე არ იმუშავებს

ყოფილი მინისტრი: იმედია, “ოცნების” პროპაგანდისტული მესიჯი ვიზალიბერალიზაციაზე არ იმუშავებს
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების შესახებ “ოცნების” მთავრობაში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და იმედს გამოთქვამს, რომ მათი ბოლო პროპაგანდისტული მესიჯები არ იმუშავებს.

მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო საზოგადოების შემზადება ახალი პროპაგანდისტული მესიჯის გავრცელებით: „ქართველი კაცის პატრიოტიზმი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე არ გაიცვლება“, რისი მიზეზიც, ჯანელიძის აზრით, შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების რეალური საფრთხე.

“ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ამ მესიჯით შეურაცხყოფას აყენებს მთლიანად საქართველოს და მიიჩნევს, რომ ხალხი ბრბოა და ნებისმიერ პროპაგანდისტულ მესიჯს მიიღებს. როგორ შეიძლება საქართველოს მოქალაქემ დაიჯეროს, რომ:

– ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, თურმე ევროკავშირი სარგებლობს და არა საქართველო;

– ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უკავშირდება ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული პოლიტიკის გატარებას საქართველოში.საქართველოს მოქალაქეები 2017 წლის შემდეგ სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით და მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული თუ რა სიკეთეები მოუტანა მათ ამ რეჟიმმა.

– უკანონო მიგრაციის გამო წლობით დაშორებული ოჯახები გაერთიანდნენ, შვილები წლების მანძილზე უნახავ დედებს შეხვდნენ;

– ათიათასობით ადამიანმა შეძლო სასიცოცხლო სამედიცინო დახმარების მიღება;

– ათიათასობით ადამიანმა ისარგებლა ლეგალური დროებითი მიგრაციითა და დასაქმებით;

– ათიათასობით სტუდენტმა და აკადემიური სფეროს წარმომადგენელმა, ისარგებლა დროებითი გაცვლითი პროგრამებით, კონფერენციებითა და სხვა აკადემიურ/საგანმანათლებლო ღონისძიებებით;

– მცირე და საშუალო ბიზნესმა ისარგებლა გამოფენებსა და სხვა ბიზნეს ღონისძიებებში მონაწილეობით.

– ასევე, ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა ტურისტული მოგზაურობითაც, სანუკვარი ოცნებები აისრულეს. მახსოვს, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ერთ-ერთ შეხვედრაზე მოქალაქის მიერ დასმული კითხვა: „100 ევრო მაქვს დანაზოგი და „ვიზეარით“ მილანში რომ ჩავფრინდე, მილანი ვნახო და იმავე რეისით უკან დავბრუნდე თუ შეიძლებაო?“ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შედეგად, რეალურად გაჩნდა საბჭოურ მეხსიერებაში დალექილი 30 მანეთიანი მოსკოვის ბილეთების ალტერნატივა, და ეს ყველაზე მეტად აღიზიანებს ოკუპანტ რუსეთს.

ორიოდე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის რუსეთი საკვანძო ბაზრად რჩება ბევრი მიმართულებით, კერძოდ ღვინის პროდუქციის მხრივ, ხილეულის მხრივ. მეორე მხრივ, რუსეთი საქართველოში ენერგეტიკისა და მარცვლეულის წამყვანი მიმწოდებელია”. მათი მიზანია, რომ ჩვენ სრულად დამოკიდებული გავხდეთ რუსეთზე, ისევე როგორც ეს იყო 2 საუკუნის მანძილზე და ამ მიზნის მიღწევაში მათ პირდაპირ ეხმარება ქართული ოცნება.

ძვირფასო ქართული ოცნების მომხრეებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ პატივისცემით და თხოვნით, კარგად გაიაზროთ რა მდგომარეობამდე მიგვიყვანა ამ უგუნურმა შიდა თუ საგარეო პოლიტიკამ და რა პერსპექტივას ისახავთ წინ თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის.

მე ნამდვილად არ მაქვს ისეთი წარმოდგენა თქვენზე, რომ ამ რეალობას და პერსპექტივას ვერ აფასებდეთ”, – წერს მიხეილ ჯანელიძე.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” დეპუტატის და პარლამენტის ვიცესპიკერის ნინო წილოსანის თქმით, თუ უვიზოდ მიმოსვლის კომფორტი წინააღმდეგობაშია პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი დარჩება პატრიოტად. ამასთან, გუშინ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას უვიზო მიმოსვლაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი არ აქვს.

“უვიზო რეჟიმი დიდი პრივილეგიაა” – რა პოზიცია ექნება გერმანიას საქართველოსთან უვიზოს გაუქმების საკითხზე?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *