შეიძლება თუ არა AI-მ ტურისტული აგენტი ჩაანაცვლოს?

შეიძლება თუ არა AI-მ ტურისტული აგენტი ჩაანაცვლოს?

ხელოვნური ინტელექტის როლი სულ უფრო მზარდ ტენდენციას აჩვენებს. მათ შორის სულ უფრო გააქტიურებულია სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების დაგეგმვა CHATGPT-ს მეშვეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, BMGTV-ს გადაცემაში “ქალების ნარატივი” კომპანია „ვინგლეთის“ ტურისტული პროდუქტების განვითარების მენეჯერმა, ნინი სოხაძემ და გაყიდვებისა და კომუნიკაციების მენეჯერმა, ელენე ქრისტესაშვილმა ისაუბრეს.

ნინი სოხაძე ეთერში აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება სწრაფი და შთამბეჭდავია, თუმცა მისი შესაძლებლობები ჯერ კიდევ შეზღუდულია. ის დასძენს, რომ მართალია ხელოვნური ინტელექტი უკონკურენტოდ სწრაფად აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას, თუმცა ის არ არის იმ ადგილებში ნამყოფი, რომელსაც AI სთავაზობს, შესაბამისად, ადგილზე ჩასულ ტურისტს, შესაძლოა, სხვა რეალობა დახვდეს.

„ალბათ, ხელოვნური ინტელექტი გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიხვეწება. ტექნიკური თვალსაზრისით რეალურად ძალიან ვითარდება. უბრალოდ, შენც უნდა იყო ჩართული თუ რას აკეთებს ის ისეთს, რაც შენგან განსხვავებულია – მაგალითად, ჯერჯერობით CHAT GPT ფასდაკლებას ვერ გაგიკეთებს. პლუს ამას, ხელოვნური ინტელექტი არ არის იმ ადგილებში ნამყოფი. მართალია, შეიძლება ფოტოში ესა თუ ის ლოკაცია მიმზიდველი იყოს, თუმცა ადგილზე ჩასულს სხვა რეალობა დაგხვდეს“, – აცხადებს სოხაძე.

ელენე ქრისტესაშვილი კი ხაზს უსვამს ადამიანური ურთიერთობების მნიშვნელობას. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი მეგობრულ რჩევებსა და პირად გამოცდილებებს ვერ გაუზიარებს დაინტერესებულ პირს. შესაბამისად, ამ მხრივ ხელოვნური ინტელექტი კონკურენტი კი არა, უბრალოდ დამხმარე ინსტრუმენტია.

„ზოგადად, ხელოვნური ინტელექტი გვეხმარება ჩვენ ყოველდღიურობაში. თუმცა, CHAT GPT ისე მეგობრულად ვერ მოგიდგება, როგორც ჩვენ ვუდგებით ჩვენს მეგობრებს. მართალია, CHAT GPT-ს ძალიან კარგი რჩევები აქვს, მაგრამ ცოცხალი კომუნიკაცია და პირადი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. AI უკონკურენტოა ინფორმაციის სწრაფად მოძიებაში, მაგრამ ადამიანური ურთიერთობები მნიშვნელოვანია და კონკურენტად ვერ აღვიქვამთ მაინც. უფრო ჩვენი დამხმარე რაღაც არის“, – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *