“შემოსავლების მნიშვნელოვანი ვარდნა გვაქვს” – სასტუმრო “ფალიანი”

“შემოსავლების მნიშვნელოვანი ვარდნა გვაქვს” – სასტუმრო “ფალიანი”

სვანეთში მდებარე სასტუმრო “ფალიანის” დამფუძნებლის, ეკატერინე გველესიანის ინფორმაციით, წელს ტურისტულ ობიექტს შემოსავლების მნიშვნელოვანი ვარდნა უფიქსირდება. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, რეგიონში განვითარებული ორი ომი, კერძოდ უკრაინა-რუსეთისა და ისრაელი-ირანის ომები მათ ტურისტულ ჯავშნებს ამცირებს.

“რეგიონში განვითარებული ორი ომი ნეგატიურად აისახება ჯავშნებზე. არაერთი გაუქმებული ჯავშანიც გვაქვს. მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ავსტრალია. ზოგადად, ასეთი ქვეყნები ტურისტულ აქტივობამდე სიტუაციას რეგიონულ ჭრილში განიხილავენ ხოლმე და მათთვის ასეთი კონფლიქტები საგანგაშოა. ზამთრის მძიმე სეზონის შემდეგ, ზაფხულის სეზონზეც ოპტიმისტური განწყობები არ გვაქვს“, – აცხადებს ეკატერინე გველესიანი და განმარტავს, რომ დაბალმხარჯველუნარიანი ტურისტების გამო მათ ფასების კორექტირება უწევთ.

“დატვირთულობის კუთხით, წლიდან წლამდე უარესდება სეგმენტი, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ხდება უფრო დაბალ მხარჯველუნარიანი ტურისტების შემოდინება და გვიწევს ფასების დაწევა, რათა დავაინტერესოთ მომხმარებელი და დაბალ ფასიან საოჯახო სასტუმროებს კონკურენცია გავუწიოთ“, – ამბობს გველესიანი. მისი ინფორმაციით, სწორედ ამ სეგმენტზეა ინდოელი და ჩინელი ტურისტების მხრიდან მოთხოვნა, რომლებიც ტურიზმის ადმინისტრაციის სამიზნე სეგმენტია.

ინფორმაციისთვის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან ვიზიტები 40%-ით, ინდოეთიდან კი 28%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი ტემპი იყო ძირითად ბაზრებს შორის ისრაელის შემდეგ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *