“შესაძლებელი გახდება ბუნებრივი წყალბადის მოპოვება” – რა იცვლება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კა

“შესაძლებელი გახდება ბუნებრივი წყალბადის მოპოვება” – რა იცვლება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კა

“შესაძლებელი გახდება ბუნებრივი წყალბადის მოპოვება” – რა იცვლება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში?

ინვესტორს და სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციები. შესაბამისი ცვლილებები „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც ერთპარტიული პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

საკანონმდებლო პაკეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღებით შესაძლებელი გახდება სრულიად ახალი რესურსის – ბუნებრივი წყალბადის მოპოვება, რაც აქამდე არ განხორციელებულა არა მარტო საქართველოში არამედ მთელს რეგიონში.

კანონით დადგენილი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ინვესტორს მიენიჭება უფლება ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და მოპოვებასთან ერთად განახორციელოს ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციები. ამისათვის კანონში განიმარტება ბუნებრივი წყალბადის და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ცნებები. ფართოვდება/ზუსტდება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების და მის საფუძველზე გასაცემი ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ცნებები.

ინვესტორს შესაძლებლობა ექნება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოქმედების ფარგლებში განახორციელოს არა მარტო ნავთობისა და გაზის ძებნა ძიების და მოპოვების ოპერაციები, აგრეთვე მას დამატებით მიეცემა უფლება განახორციელოს ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები. შესაბამისად, ინვესტორს მეტი მოტივაცია ეძლევა საქართველოში განახორციელოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები, ვინაიდან მას გაეზრდება შემოსავალი ბუნებრივი წყალბადის რეალიზაციის შედეგად. ვინაიდან მოპოვებული ბუნებრივი წყალბადის მიმართ არ მოქმედებს ნავთობისა და გაზის სახელმწიფოსთან განაწილების ანალოგიური სქემა, მოპოვებული ბუნებრივი წყალბადი სრულად გადაეცემა ინვესტორს“,- წერია დოკუმენტში.

ამას გარდა, სახელმწიფოს, ნავთობის ეროვნული კომპანიის სახით, ასევე ექნება შესაძლებლობა აწარმოოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები (კანონის არსებული რედაქცია არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების განხორციელების მექანიზმს) ასევე ბუნებრივი წყალბადის ოპერაციები. ცვლილებებით, საკანონმდებლო დონეზე დგინდება ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ თავისუფალ სალიცენზიო ბლოკებზე, სახელმწიფოს სახელით, ნავთობისა და გაზის, ასევე ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციების განხორციელებისათვის აუცილებელი ნორმატივები.

“წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების განსახორციელებლად შემუშავებულ პროექტს მიენიჭება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის სტატუსი. ასეთი სტატუსის მინიჭების საკითხს გადაწყვეტს საქართველოს მთავრობა – განკარგულებით. აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, ნავთობის ეროვნული კომპანია ნავთობისა და გაზის ოპერაციებს და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებს განახორციელებს სააგენტოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად, ანუ იმოქმედებს როგორც ინვესტორი“,- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

დოკუმენტის თანახმად, კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება ნავთობისა და გაზის მოპოვების, გადამუშავების, შეგროვების, მომზადების, შენახვის და ტრანსპორტირების განხორციელების პროცესში არსებული საკანონმდებლო და ნორმატიული ხასიათის ხარვეზები, რომლებიც აფერხებს ნავთობმრეწველობის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას და დარგის განვითარებას.

რაც შეეხება კანონპროექტის გავლენას ბიუჯეტზე, დოკუმენტის თანახმად, საკანონმდებლო პაკეტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტით ბუნებრივი წყალბადისთვის დგინდება მოსაკრებელი 1000 კუბურ მეტრზე 2 ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ არაა გათვალისწინებული ახალი ლიცენზიის შემოღება, არამედ ხდება ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფარგლებში ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების უფლების მინიჭება. არ იცვლება აღნიშნული ლიცენზიისათვის დადგენილი გადასახადი, რაც ნიშნავს, რომ პირი გადაიხდის დღეის მდგომარეობით დადგენილ სალიცენზიო მოსაკრებელს – 22 000 ათას ლარს. ხოლო, ის ინვესტორები, რომლებიც ფლობენ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალურ ლიცენზიას და დაინტერესებულები არიან წყალბადის ოპერაციების უფლების მოპოვებით არ იქნებიან ვალდებულნი განმეორებით გადაიხადონ სალიცენზიო მოსაკრებილი.

ამასთან, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების რეგულირების შემოღება გამოიწვევს აუცილებლობას მომზადდეს შესაბამისი კადრები, განხორციელდეს თანამშრომლების მივლინება და სწავლება იმ კომპანიებში, რომლებიც უკვე საქმიანობენ ბუნებრივი წყალბადის მოპოვების სფეროში.

კანონპროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო არიან, ხოლო ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *