შვედეთმა და დანიამ უკრაინას მილიონობით ევროს ღირებულების ძველი სათევზაო ბადეები გაუგზავნეს

შვედეთმა და დანიამ უკრაინას მილიონობით ევროს ღირებულების ძველი სათევზაო ბადეები გაუგზავნეს
უკრაინამ შვედეთისა და დანიისგან სამხედრო დახმარების უჩვეულო, თუმცა ეფექტური ფორმა მიიღო: ძველი თევზსაჭერი ბადეები – ამის შესახებ ფინური საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.

როგორც გამოცემაშია აღნიშნული, დრონები, რომლებიც თანამედროვე ომებში კრიტიკულ როლს ასრულებენ, შედარებით იაფი და უფრო მოხერხებულია, ვიდრე ტრადიციული სარაკეტო სისტემები. შესაბამისად, დრონებით იერიშის პრევენციას ათეულობით ათასი ადამიანის გადარჩენა შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ მათი შეჩერება რთულია.

სწორედ ამ მიზნით იყენებს უკრაინა ძველ სათევზაო ბადეებს, რომლებსაც ქვეყანას შვედეთი და დანია უგზავნიან. კერძოდ, მედიის ცნობით, დანიამ უკრაინა €2.5 მილიონის ღირებულების ბადეებით მოამარაგა, რომელთა ძირითადი ნაწილიც დანიელი მეთევზეებისთვის უსარგებლო მას შემდეგ გახდა, რაც ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა და ბლოკის წევრ ქვეყნებს თავის წყლებში თევზაობა აუკრძალა. ამ სახის დახმარება უკრაინამ ფიზიკური პირებისგანაც მიიღო.

სათევზაო ბადეების დრონების წინააღმდეგ გამოყენებაზე The Kyiv Post-იც აქტიურად წერს. როგორც გამოცემას უკრაინელმა სამხედრო პირმა განუცხადა, სანგრების თავზე დამონტაჟებული ბადეები ციდან ჩამოვარდნილ ასაფეთქებლებს აჩერებს და ხშირად აფეთქების პრევენციასაც უზრუნველყოფს.

როგორც ცნობილია, თავდაცვის ანალოგიურ ხერხს რუსული არმიაც იყენებს.

სათევზაო ბადეებთან ერთად, სკანდინავიის ქვეყნები უკრაინას ფინანსურ დახმარებასაც უწევენ. 26 მაისს შვედეთის მთავრობამ უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად, უკრაინის დახმარების მე-19 პაკეტის ფარგლებში, $504 მილიონი გამოყო, რაც, როგორც საბრძოლო აღჭურვილობას და დრონებს, ასევე სამხედროების გადამზადებას მოხმარდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *