ამასთან, PMCG-ის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის მარტში ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, გაიზარდა, 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 0.3%-ით, ხოლო 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5%-ით და 962,985 შეადგინა.
ის, რომ მარტის თვის სტატისტიკით ხელფასის ამღებთა რაოდენობა ბოლო წლებთან შედარებით უმნიშვნელოდ იზრდება, დასაქმების პოლატფორმებზე კი ბიზნესი ნაკლებად აქტიურობს, ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანისთვის ეს სიგნალია იმის, რომ შრომის ბაზარი, რომელიც ძალიან აქტიური იყო და რაღაც ეტაპზე გადახურებულიც კი 2023-2024 წლებში, შენელდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა კი დაქირავებით დასაქმებულებისთვის აღარ ხდება, რაც ბიზნესსექტორის ნაკლებ დინამიკურობაზე და თავშეკავებულობაზე მიანიშნებს.
„მარტის მონაცემებში ჩემთვის ყველაზე საინტერესო არის ხელფასის მიმღებთა რაოდენობის სტატისტიკა და ის მაჩვენებელი, რაც მივიღეთ, როდესაც 2025 წლის მარტში 2024 წლის მარტთან შედარებით მხოლოდ 0,3%-ით არის გაზრდილი ხელფასის მიმღებთა რაოდენობა. რატომ არის ეს საინტერესო?! ბოლო რამდენიმე წელია, მინიმუმ 3 წელი კვარტალიდან კვარტალამდე, თვიდან თვემდე ჩვენ ვაფიქსირებდით მინიმუმ 3 თუ არა 4%-იან ზრდას ხელფასის მიმღებთა რაოდენობაში და ეს იყო საფუძველი დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაში და ეს იყო საფუძველი თავის დროზე უმუშევრობის კლების.
წელს თებერვალში ჩვენ გვქონდა დაახლოებით 1,5%-იანი მატება წინა წელთან შედარებით, ხოლო მარტში იგივე მაჩვენებელზეა რაც იყო შარშან. ეს ჩემთვის არის უტყუარი სიგნალი იმის, რომ შრომის ბაზარი, რომელიც იყო ძალიან აქტიური და რაღაც ეტაპზე გადახურებულიც კი 2023-2024 წლებში, დასტაბილურდა და ახალი სამუშაოების შექმნა დაქირავებით დასაქმებულებისთვის აღარ ხდება. მარტის მაჩვენებელი მკაფიო სურათს გვაძლევს ამასთან დაკავშირებით.
ამას თუ დავამატებთ შემდეგ უკვე დასაქმების პლატფორმების სტატისტიკას, მაგალითად ამ შემთხვევაში JOBS.GE-ს სტატისტიკას, ვხედავთ, რომ მარტში წინა წლის მარტთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობა შემცირებულია თითქმის 18%-ით. ეს ადასტურებს, რომ შრომის ბაზარი შენელდა და რეალურად ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება, რაც ჩემი მოსაზრებით, ასევე კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მაღალი ორნიშნა ეკონომიკური ზრდის პერიოდი სრულდება ქვეყანაში და გადავდივართ კარგ ვარიანტში საშუალო ზომის ეკონომიკური ზრდის პროცესში, სადაც თუ იქმნება სამუშაო ადგილები, ძალიან ნელა და ძალიან დაბალი რაოდენობით“,-აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.