“ჩვენი თხოვნა იყო, ეს ახალი წელი გვაცადონ…” – როგორ მოქმედებს ბიზნესზე პიროტექნიკის რეგულირება?
პროევროპულ აქციებზე, დემონსტრანტების მიერ პიროტექნიკის გამოყენების საპასუხოდ “ქართულმა ოცნებამ” წინასაახალწლოდ ჯერ ის მაღაზიები დალუქა, რომლებიც პროდუქტს ყიდდნენ, ხოლო შემდეგ ახალი რეგულაციები შემოიღო. დარეგულირდა პიროტექნიკის გამოყენება მანიფესტაციის დროს. მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან კი პიროტექნიკის იმპორტის/ექსპორტის და რეალიზაციის მიმართულებით ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რაც გულისხმობს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სპეციალური ნებართვა/ლიცენზიის საფუძველზე იქნება დასაშვები.
პიროტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი და რეალიზატორი “სამი ძმა” იმ კომპანიებს შორისაა, რომელშიც დეკემბერში შემოსავლების სამსახური შევიდა და საწყობი დალუქა. კომპანიის ხელმძღვანელი, აბელ კაპანაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ საახალწლო პერიოდში გაჩერებულმა გაყიდვებმა ძალიან ნეგატიურად იმოქმედა და ბიზნესს დიდი რაოდენობით მარაგები დარჩა.
მისი თქმით, რეგულაციების საკითხზე სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრა იყო. აბელ კაპანაძის ინფორმაციით, სექტორის თხოვნა, რომ მომავალ ახალ წელს რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცეთ.
“[რეგულაციები] ჯერჯერობით არ შეგვხებია, ჩვეულებრივად ვმუშაობთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი შეხვედრა გვქონდა სამთავრობო უწყებებთან თებერვალში, რომელზეც ყველა საკითხი ვერ გავიარეთ და მოლოდინის რეჟიმში ვართ, არ ვიცით კიდევ ჩაინიშნება თუ არა შეხვედრა.
ბევრი პროდუქცია გვქონდა შემოტანილი, მოლოდინი დიდი გვქონდა და ვერ გავყიდეთ. საკმაოდ ითვალისწინებდნენ ჩვენს ინტერესს. იყო საუბარი რაღაც დათმობებზე, საბოლოოდ როგორ გადაწყდება არ ვიცი. ჩვენი თხოვნა იყო, ეს ახალი წელი გვაცადონ, ნაშთები ყველა კომპანიას ძალიან ბევრი დაგვრჩა, გავყიდოთ, რომ ვადაც არ გაუვიდეს. მერე უკვე როგორც იქნება ისე მოვერგებით, მაგრამ ამაზე დადებითი ან უარყოფითი პასუხი არ მიგვიღია”,- ამბობს აბელ კაპანაძე.
მისივე თქმით, რეგულაციების გავლენით გაყიდვების კლებაა მოსალოდნელი.
“უბრალო მომხმარებელი სავარაუდოდ ვეღარ შეიძენს, ივენთ კომპანიებისთვის პირიქით, შეიძლება დადებითი იყოს. სავარაუდოდ, ზოგადი გაყიდვები შემცირდება”,- აღნიშნა აბელ კაპანაძემ.
ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანაში 314 060 აშშ დოლარის ფეიერვერკები, სასიგნალო შუშხუნები, წვიმის რაკეტები და სხვა პიროტექნიკური ნაწარმი შემოვიდა, მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 384 800 აშშ დოლარი იყო.