ტურისტული კომპანია Free Spirit Tours-ის თანადამფუძნებლის, ნინო კაპანაძის განცხადებით, დუბაიში გამართულ ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე [Arabian Travel Market 2025] მონაწილეობის შედეგად, მათი მომსახურებით 500-ზე მეტი ახალი კომპანია დაინტერესდა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა ამ კომპანიებთან დაკონტრაქტების პირობებსა და თანამშრომლობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„უკვე მეათე წელია, რაც დუბაის გამოფენაში ვმონაწილეობთ, რადგან ჩვენი კომპანია GCC (გალფის ქვეყნები) მარკეტზე მუშაობს. ვართ შემომყვანი ტურისტული კომპანია, რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს. მომხმარებლებს ვთავაზობთ ტურ-პაკეტებს, სასტუმროებს, გიდის მომსახურებას და სხვა მომსახურებებს“, – განაცხადა ნინო კაპანაძემ.
მისი თქმით, საქართველოზე მოთხოვნა წლების განმავლობაში სტაბილურად იზრდება, განსაკუთრებით მოთხოვნაა არაბული ქვეყნებიდან, ეგვიპტიდან და საამიროებიდან. ის ასევე დასძენს, რომ საქართველო არაბული ქვეყნებისთვის შედარებით ბიუჯეტური ქვეყანაა, ამრიგად სწორედ ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ წლიდან წლამდე საქართველოს ბაზარი მათთვის სულ უფრო მიმზიდველია.
„ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა საუდის არაბეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ეგვიპტიდან მოდის. თუმცა გვყავს ტურისტები ევროპიდანაც — ისრაელიდან, შვეიცარიიდან, იტალიიდან. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ საქართველოს გარეთ გვაქვს ოფისები აზერბაიჯანში, სლოვენიაში და ალბანეთში“, — განმარტა კაპანაძემ და დასძენს, რომ ტურის ღირებულება მომხმარებლის მოთხოვნაზე და სეზონზეა დამოკიდებული.
ნინო კაპანაძე აღნიშნავს, რომ 2025 წელი კარგად დაიწყო და ზაფხულის სეზონი უკვე სრულად დაიგეგმა, თუმცა ჯავშნები ყოველდღიურად მატულობს და წლევანდელ სეზონს განსაკუთრებით წარმატებულად ელიან.