“ჩვენი სტატისტიკით, იმ რესტორნების 98%, რომლებიც არ გაციფრულდნენ, 1 წელიწადში დაიხურნენ” – Kovzy

“ჩვენი სტატისტიკით, იმ რესტორნების 98%, რომლებიც არ გაციფრულდნენ, 1 წელიწადში დაიხურნენ” – Kovzy

ტექნოლოგიურმა სტარტაპმა Kovzy, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს, პროფილი შეიცვალა და კვების ობიექტებს, ელ.კომერციის ნაცვლად, რესტორნის მართვის სრულ ციფრულ სისტემას სთავაზობს – ამის შესახებ BMDrive-ის ეთერში Kovzy-ის დამფუძნებელმა, ალექსანდრე ცინცაძემ ისაუბრა.

ამ ბოლო პერიოდში რყევები იყო, მაგრამ დავძლიეთ. შევცვალეთ პროფილი, აღარ ვართ მარტო ელ. კომერცია, სრული სისტემა გავხდით, რომელიც რესტორანს საშუალებას აძლევს, ყველაფერი ერთი წერტილიდან მართოს: მიიღოს შემოსავალი, მართოს ადგილზე მოსული სტუმრები, მიიღოს ყველანაირი შეკვეთა და ეს ყველაფერი ძალიან მარტივად, ერთი პლანშეტით გააკეთოს ისე, რომ არ დასჭირდეს ტრენინგი, დანერგვის გრძელი პროცესი და ა.შ.

დანერგვის დრო გვაქვს 1 დღე, ერთ დღეში რესტორანს აქვს სრული ციფრული ეკოსისტემა, დაერთებული აქვს საკურიერო სისტემები, საკუთარი QR მენიუ და აქვს საკუთარი ვებსაიტი, საიდანაც პირდაპირ იღებს შეკვეთებს საკომისიოს გარეშე”, – განმარტავს Kovzy-ის დამფუძნებელი.

BMGTV-ის ეთერში საუბრისას ალექსანდრე ცინცაძე აღნიშნავს, რომ მომსახურება, რომელსაც სტარტაპი რესტორნებს სთავაზობს, აღარ ითვლება ფუფუნებად და ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია იმისთვის, რომ რესტორანმა გამართული ფუნქციონირება შეძლოს.

საინტერესო სტატისტიკაა. გვყავს გაყიდვების გუნდი, რომელიც მომხმარებელს პროდუქტს აცნობს და სთავაზობს. როდესაც ანალიტიკას ვუყურებთ, ცალკე გვყავს დაჯგუფებული კვების ობიექტები, რომლებმაც ჩვენს გუნდს ასეთი პასუხი გასცეს, რომ “არც ვებსაიტი მინდა, არც ონლაინ გაყიდვა, არც გლოვო, არც – ვოლტი”… ზუსტად იგივე ობიექტს ერთ წელიწადში თუ დაუბრუნდები – დახურულია. ჩვენი შიდა სტატისტიკით, 98% შემთხვევებში, ვინც არ გაციფრულდა და ონლაინ გაყიდვებზე არ გადაეწყო, ის ობიექტი ერთ წელიწადში აღარ არსებობს. ამაზე მაგარი სტატისტიკა რად გინდა, რომ მიანიშნო ობიექტს, რომ ეს აღარაა რაღაც ინოვაცია, ეს აუცილებლობაა”, – ამბობს ცინცაძე.

დამფუძნებელმა Kovzy-ის განვითარების სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტარტაპი არსებული მომხმარებლების უკუკავშირის გათვალისწინებით ქმნის ახალ პროდუქტებს.

რაც გამოგვდის ძალიან კარგად, ისაა რომ ვუსმენთ ჩვენს მომხმარებელს, ვუყურებთ, როგორ მუშაობენ, როგორ იყენებენ, რა გამოწვევები და პრობლემები აქვთ და, გამომდინარე აქედან, ვქმნით ახალ პროდუქტს.

მთავარი ისტორიაა, რომ შეძლო, რაღაც იდეა როცა გაქვს, რამენაირად სწრაფად დატესტო. ააწყო მისი მინიმალური პროტოტიპი, გაუშვა და ნახო, როგორ იყენებენ. თუ მოეწონებათ, მერე განავითარო. სტანდარტული მიდგომა არ გვაქვს, რომ ნახევარი წელი რაღაცაზე ვიმუშაოთ, შეიძლება ნახევარ წელში სულ სხვა ფუნქციები სჭირდებოდეს მომხმარებელს. ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად გავუშვათ ბაზარზე ახალი ფუნქცია და დავაკვირდეთ, რამდენად პოპულარული იქნება”, – განმარტა Kovzy-ის დამფუძნებელმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *