ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა

ჩინეთის ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდა
2025 წლის პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 5.4%-ით გაიზარდა, რაც პროგნოზირებულზე უკეთესი შედეგია. ეკონომისტები ჩინეთის მშპ-ის 5.1%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ, რაც მიგვანიშნებს, რომ ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის მიერ გასული წლის ბოლოს მიღებულმა რამდენიმე რადიკალურმა გადაწყვეტილებამ იმაზე კარგად იმუშავა, ვიდრე ეს ნავარაუდევი იყო. ამ მხრივ, იგულისხმება, როგორც გაკოტრების პირას მყოფი უძრავი ქონების დეველოპერების ხელშეწყობა, ასევე ჩინური კომპანიების აქციებში მრავალმილიარდიანი კაპიტალის ჩასხმა.

საანგარიშო პერიოდში, საცალო გაყიდვები ჩინეთში 5.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდუსტრიულმა წარმოებამ 7.7%-ით იმატა და ორივე ამ მაჩვენებელმა პროგნოზირებულს მკვეთრად აჯობა. ფიქსირებულ აქტივებში ინვესტიციებმა ჯამურად 4.2%-ით იმატა, მაგრამ უძრავ ქონებაში ინვესტიციებმა 9.9%-ით იკლო, ანუ ეს სექტორი ჯერაც დიდი გასაჭირის წინაშე დგას. შედეგად, ქალაქებში და ურბანულ დასახლებებში დაფიქსირებულმა უმუშევრობამ 5.2%-მდე იკლო. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში აგრეთვე შემცირებულია ინფლაცია, რომელიც უკვე ნეგატიურ ტერიტორიაზე გადავიდა.

წლის პირველ სამ თვეში დაფიქსირებული შედეგი ოპტიმისტური პროგნოზის საშუალებას აძლევს ჩინეთის მთავრობას, რომელსაც 2025 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ით გაზრდა აქვს გადაწყვეტილი. პირადად სი ძინპინისთვის ეს მიზანი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მას გარკვეული ადამიანებიც შეეწირნენ, თანაც პირდაპირი გაგებით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით ნახევარი წლის წინ, ჩინეთში გავლენიანი ეკონომისტი, ჭუ ჰენგპენგი გაუჩინარდა. რა მოუვიდა მას არავინ იცის, მაგრამ ცნობილია, რომ გაუჩინარებამდე ეკონომისტმა WeChat-ში ჩინეთის პოლიტიკა გააკრიტიკა და დაწერა, რომ 5%-იანი ზრდის დაფიქსირება შეუძლებელი იქნებოდა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ იმ დროს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯერ კიდევ ჯო ბაიდენი იყო, ანუ დონალდ ტრამპის ე.წ. “სავაჭრო ომი” მხოლოდ თეორია იყო. ამერიკის პრეზიდენტმა ჩინეთს 145%-იანი ტარიფი დაუწესა, ხოლო ჩინეთმა საპასუხო 125%-იანი გადასახადი შემოიღო და ორივე ეს გადაწყვეტილება უეჭველად შეცვლის, როგორც ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო დინამიკას, ასევე ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას. ამ დაპირისპირების პირველი შედეგები უკვე ჩანს, რადგან გასულ თვეში ჩინეთიდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულება პროგნოზირებულზე სამჯერ მეტად, კერძოდ 12%-ით გაიზარდა, ანუ იმპორტიორები მარაგებს ავსებენ.

ჩინეთის ექსპორტის სტატისტიკა, რომელიც მარტში დაფიქსირდა, გარკვეულწილად, სრულ წინააღმდეგობაშია იმ ტენდენციასთან, რომელიც წლის დასაწყისიდან ფიქსირდება. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ექსპორტი წლიურად მხოლოდ 2.3%-ით იყო გაზრდილი, რაც ყველაზე დაბალი ზრდაა, რომელიც 2024 წლის აპრილის შემდეგ დაფიქსირდა. თუკი ექსპორტი მცირედ ზრდას მაინც აჩვენებს, იმპორტი საკმაოდ მკვეთრადაა შემცირებული, როგორც წლიურ, ასევე თვიურ ჭრილში. ესეც, დიდწილად, სწორედ ტარიფებთანაა დაკავშირებული.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *