ჩინეთის მიზანია, მსოფლიოს უმსხვილესი კოსმოსური მოთამაშე გახდეს და ასტრონავტები მთვარეზე 2030 წლისთვის გაგზავნოს. ჩინეთის მიერ 2028 წლისთვის დაგეგმილი კოსმოსური მისია Chang’e-8 მთვარეზე მუდმივი, პილოტირებული ბაზის მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.
შანხაიში გამართულ პრეზენტაციაზე მისიის უფროსმა ინჟინერმა პეი ჟაუმ აჩვენა, რომ მთვარის ბაზისთვის ენერგიის მიწოდება ასევე შესაძლოა დამოკიდებული იყოს მზის დიდ ელექტროსადგურებზე, გათბობისა და ელექტროენერგიის მიწოდება კი მილსადენებსა და კაბელებზე.
რუსეთის კოსმოსურმა სააგენტო Roscosmos-მა იგივე გეგმა გასულ წელს წარადგინა და განაცხადა, რომ მთვარის ზედაპირზე ბირთვულ რეაქტორს ჩინეთთან ერთად 2035 წლისთვის ააშენებდა.
ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურ პრეზენტაციაში მთვარის ელექტროსადგურის ჩართულობა, ისევე როგორც ფაქტი, რომ კონფერენციას 17 ქვეყნის დელეგაცია ესწრებოდა, გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ოფიციალური პეკინი მთვარეზე ატომური რეაქტორის გახსნის გეგმას მხარს უჭერს, თუმცა ქვეყნის მთავრობას ამაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ჩინეთის მთვარის კვლევის პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვუ ვეირენი Reuters-თან აცხადებს, მთვარეზე ჩინური სადგურის გახსნასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სწორედ მისი ენერგიით მომარაგებაა, რაშიც, მისი თქმით, რუსეთს ბუნებრივი უპირატესობა და აშშ-ზე დიდი გამოცდილება აქვს.
სამომავლოდ ჩინეთი “555 Project”-ს გეგმავს, რომლის ფარგლებშიც 50 ქვეყნის, 500 საერთაშორისო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის 5000-მდე მკვლევარს კოსმოსურ ბაზაზე მოიწვევს.