წელს, 5 თვეში გორში მდებარე სტალინის სახელობის მუზეუმს 50 000-ზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა, – ამის შესახებ BM.GE-ს მუზეუმის ადმინისტრაციაში განუცხადეს. მათივე განმარტებით, აღნიშნული მონაცემიდან 45 000-ზე მეტი ვიზიტორი უცხოელი სტუმარი იყო.
„წელს იანვარ-მაისში ჯამში 50 003 ვიზიტორი გვყავდა, საიდანაც 45 059 უცხოელი იყო, 3110 ქართველი, ხოლო 1834 მოსწავლე. რაც შეეხება გასული წლის წლიურ მაჩვენებელს, მუზეუმმა 160 000-მდე ვიზიტორს უმასპინძლა, რომლის 87% -მდე უცხოელი სტუმარი იყო“, – აცხადებენ სტალინის სახელობის მუზეუმში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ლიდერი ქვეყნები ჩინეთი და რუსეთია, ხოლო წლევანდელი ტურისტული გეოგრაფია: “ჩინეთს, რუსეთსა და ირანის ბაზრებს მოიცავს“.
მათივე განცხადებით, მუზეუმს ფასები გასულ წლებთან შედარებით არ დაუკორექტირებიათ და ზრდასრული ადამიანის შესვლის ღირებულება, კვლავ 15 ლარია.
ცნობისთვის, იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს გორში, ქალაქში,სადაც ის დაიბადა. სამუზეუმო კომპლექსი 1957 წელს სტალინის გარდაცვალების შემდეგ გაიხსნა. თუმცა იმ სახლში, სადაც სტალინი დაიბადა, მემორიალური მუზეუმი ჯერ კიდევ 1937 წლიდან მის სიცოცხლეშივე არსებობდა. მუზეუმის კომპლექსის საერთო ფართობია 3529.7 კვ/მ, მუზეუმის ფონდში ამჟამად 40000-ზე მეტი ექსპონატი, დოკუმენტი, მხატვრული ტილო და დამხმარე სამუზეუმო მასალაა დაცული.
მუზეუმს 14 საექსკურსიო გიდი ჰყავს, რომლებიც ექსკურსიებს ატარებენ 4 ენაზე, როგორც ქართულ ასევე, ინგლისურ, რუსულ, და ფრანგულ ენებზე. მუზეუმში შესვლა ფასიანია და ბილეთის ღირებულება: ზრდასრული – 15 ლარი, სტუდენტი – 10 ლარი, მოსწავლე – 1 ლარი.