გამონაკლისის დაშვება, რასაც წინ უსწრებდა ვაშინგტონის მიერ ვითარების დეესკალაციის მიზნით გავრცელებული განცხადება, აჩვენებს, რომ მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკა მზადაა გადაჭრან კონფლიქტი, რომელმაც მათ შორის მნიშვნელოვნად შეაფერხა ვაჭრობა და გლობალური რეცესიის რისკები გააჩინა.
ჩინური ბიზნესსექტორი იმედოვნებს, რომ გამონაკლისი რამდენიმე ათეულ სექტორს მოიცავს. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩინეთში მცირედით გამყარდა ამერიკული დოლარი და გამოსწორდა ვითარება ჰონგკონგისა და იაპონიის ბირჟებზე.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა კატეგორიის პროდუქტებზე უქმდება 125%-იანი ტარიფი.
23 აპრილს აშშ-ის სახაზინო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის ტარიფები არამდგრადია და ტრამპის ადმინისტრაციისგან გამოიკვეთა ღიაობა, რომ სავაჭრო ომის დეესკალაციაზე მუშაობა დაიწყოს. სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ვიდრე სავაჭრო მოლაპარაკებები დაიწყება, ორივე ქვეყანამ ტარიფები უნდა დასწიოს, თუმცა ტრამპი ამ ნაბიჯს ცალმხრივად არ გადადგამდა.
აპრილის დასაწყისში პრეზიდენტმა ტრამპმა 180-მდე ქვეყანას საბაზისო, ე.წ. საპასუხო ტარიფები დაუწესა, რომელიც 100-ზე მეტი ქვეყნისთვის 10%-ით, 60-მდე ქვეყნისთვის უფრო მაღალი პროცენტით (15%-50%) განისაზღვრა, ჩინეთის შემთხვევაში კი ეტაპობრივად 145%-ს მიაღწია. მოგვიანებით, ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება, ძალაში მხოლოდ საბაზისო, 10%-იანი ტარიფები დაეტოვებინა, 60-მდე ქვეყნისთვის კი უფრო მაღალ ტარიფებზე 90-დღიანი პაუზა აემოქმედებინა. გამონაკლისი ამ შემთხვევაშიც ჩინეთი აღმოჩნდა, რომლისთვისაც 145%-იანი ტარიფი უკვე ძალაშია.