ჩინეთმა ახალი თაობის წყალბადის ბომბი გამოცადა

ჩინეთმა ახალი თაობის წყალბადის ბომბი გამოცადა
ჩინეთმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მისი სამხედრო ამბიციები ტრადიციული იარაღის თუ დრონების ფარგლებს სცდება. ამჯერად, პეკინმა ახალი თაობის წყალბადის ბომბის აფეთქება გამოცადა, რომლის წვის ხანგრძლივობა ტრადიციულ ბომბთან შედარებით 15-ჯერ ხანგრძლივია.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ეს უახლესი თაობის თერმობარული იარაღის დემონსტრაცია იყო, ანუ ტექნოლოგიის, რომელიც კლასიკურ ბირთვულ ქობინებს არ საჭიროებს, თუმცა თავისი დამანგრეველი პოტენციალით, გარკვეულ შემთხვევებში, ბირთვულ იარაღს აღემატება.

თერმობარული იარაღი, რომელსაც ხშირად „ვაკუუმურ ბომბადაც” მოიხსენიებენ, ჟანგბადზე დაფუძნებული აფეთქების პრინციპით მოქმედებს. ორსაფეხურიანი მექანიზმით, იგი თავდაპირველად მიზნობრივ ზონაში აალებად აეროზოლს ან გაზის ნარევს ავრცელებს, შემდეგ კი მისი აფეთქებით უკიდურესად მაღალ ტემპერატურასა და წნევას წარმოქმნის.

ჩინეთის ინოვაცია სწორედ ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებულ ვერსიას წარმოადგენს — პეკინის განცხადებით, აფეთქების ხანგრძლივობა და სითბური ტალღის ინტენსივობა უპრეცედენტოა. ბირთვული იარაღისგან განსხვავებით, ამ ბომბს რადიაციული დაბინძურება არ ახლავს, რაც მას უფრო „მისაღებ” სამხედრო ინსტრუმენტად აქცევს, განსაკუთრებით იმ ეპოქაში, როდესაც ბირთვული ომის რისკი პოლიტიკურად და მორალურად მიუღებელია.

თერმობარული იარაღი იდეალურია ინფრასტრუქტურის განადგურებისთვის, ბუნკერების, გვირაბებისა და სტრატეგიული სტრუქტურების წინააღმდეგ.

ჩინეთის მიერ ამ ბომბის გამოცდა მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევა არ არის — ეს გეოპოლიტიკური გზავნილია. პეკინმა მსოფლიოს აჩვენა, რომ შეუძლია შექმნას ბირთვულ ეფექტთან მიახლოებული დამანგრეველი შედეგი, ბირთვული ქობინის და რადიაციის გარეშე. თავად ამ გზავნილს კი ორი ადრესატი ჰყავს: აშშ და ტაივანი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *