“ჩინური ტვირთი შემოვა გარკვეული რაოდენობით” – როგორია “თბილისის მშრალი პორტის” გეგმები?
“თბილისის მშრალი პორტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილი ამბობს, რომ პროექტი დამაკავშირებელი იქნება ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის.
როგორც მან პორტის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებს უთხრა, ამ მიმართულებით არის მოლაპარაკებები ჩინეთთან, ყაზახეთთან, ასევე აზერბაიჯანთან და სომხეთთან.
“ჩვენ ვამარტივებთ და ფაქტობრივად ბათუმის და ფოთის პორტებს ვაახლოებთ თბილისთან და ტვირთის მიმღებთან. ფოთის და ბათუმის პორტს რაც შეეხება, [მოვემსახურებით] საიმპორტო ტვირთებს, ასევე რაც გაგვაჩნია საექსპორტო ტვირთები, გარკვეული რაოდენობა სწორედ აქ მოთავსდება კონტეინერში და შემდეგ მოხდება მისი ტრანსპორტირება ფოთსა და ბათუმში. აგრეთვე, ორიენტირებული ვართ, რომ ვიყოთ დამაკავშირებელი ცენტრალურ აზიასა და საქართველოს ნავსადგურებს შორის, ამ მიმართულებითაც გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები მათ შორის ჩინელებთან და ჩინური ტვირთი შემოვა გარკვეული რაოდენობით, ყაზახებთან და რა თქმა უნდა, მეზობლებთან – აზერბაიჯანთან და სომხეთთან”,- თქვა ჯემალ ინაიშვილმა.
ამასთან, მან პროექტის სამომავლო განვითარების გეგმაზე ისაუბრა.
პირველი ფაზის პროექტის მიხედვით გათვლილია დაახლოებით 100 000 კონტეინერზე, უკვე მეორე ფაზა ითვალისწინებს, რომ ეს რაოდენობა 200 000 კონტეინერამდე გაიზრდება. პარალელურად, უკვე ვიწყებთ A კლასის საწყობების მშენებლობას, მეორე ფაზით ავაშენებთ დაახლოებით 10 000 კვ.მ. საწყობს, რომელსაც შემდეგ 50 000 კვ.მ. საწყობები დაემატება.
ფაზები განსხვავდება ერთმანეთისგან, ვფიქრობთ, ჯამური ინვესტიცია 60 მლნ დოლარს მიაღწევს”,- აღნიშნა “თბილისის მშრალი პორტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, გასულ წელს არაბული „აბუ დაბი პორტს გრუპი“ (AD Ports Group) „თბილისის მშრალი პორტის“ 60%-იანი წილის მფლობელი და მთავარი პარტნიორი გახდა. პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში ინვესტიციამ 21 მლნ დოლარი შეადგინა.