როგორც ცნობილია, საკადრო ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო ენერგოკომპანიებში. სამთავრობო სტრუქტურებსა და სახელმწიფოს დაქვემდებარებულ კომპანიებში საკადრო ცვლილებები დღესაც გაგრძელდა. თანამდებობა დატოვა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, რომელიც ამ პოსტზე 2017 წელს დაინიშნა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმაც. გიორგი წერეთელი უწყებაში 2021 წელს დაინიშნა. ასევე ახალი ხელმძღვანელი ჰყავს საქართველოს რკინიგზას. დავით ფერაძე, რომელიც საქართველოს რკინიგზას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა, ამ პოსტზე ლაშა აბაშიძემ შეცვალა.
„ბუნებრივია, ვინც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაშია და მას უჭერდა მხარს, არ სურს ბოლომდე გადაჰყვეს ბიძინა ივანიშვილს. ყველამ იცის, რომ დღეს იქნება თუ ხვალ, ეს ხელისუფლება შეიცვლება და ბუნებრივია პასუხი მოეთხოვება ამ ადამიანებს, აქედან გამომდინარე, გარკვეულ წრეებში შეინიშნება ეს და გარკვეული შიშიც არსებობს, მით უმეტეს მზარდი საერთაშორისო იზოლაციის ფონზე და ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ასეთი ჩუმი გადადგომები, თავისი ნებით წასვლები უფრო და უფრო გახშირდება.
ბუნებრივია, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ თანდათანობით ეცდება, რომ ახალი ადამიანები შემოიკრიბოს, რადგან ეს ხალხი, ვინც ჩამოშორდა მისთვის დაკარგული აქტივია, ამიტომ ისინი ცდილობენ ამ ავტორიტარული ხელისუფლების კონსოლიდაციას ნებისმიერ ფასად. ისინი არანაირ კომპრომისზე არ არის წამსვლელები ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს კორნელი კაკაჩია „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.