ცვლილება გადავადდა – ახალი ფორმის პასპორტი და პირადობა 1-ელი აგვისტოდან გაიცემა

ცვლილება გადავადდა – ახალი ფორმის პასპორტი და პირადობა 1-ელი აგვისტოდან გაიცემა
ცვლილება გადავადდა – მოქალაქეები ახალ პირადობის მოწმობას, პასპორტს და დიპლომატიურ პასპორტს განახლებული დიზაინით ორი თვის შემდეგ 1-ელი აგვისტოდან აიღებენ. ცვლილება შეეხება როგორც მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობებს, ისე ბინადრობისა და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებსაც.

საქმე ის არის, რომ ექსმინისტრის ანრი ოხანაშვილის მიერ მარტში გამოცემული ბრძანებით, ახალი ფორმის დოკუმენტები 4 ივნისიდან უნდა გაცემულიყო, თუმცა ბრძანებაში ცვლილება “ოცნების” მთავრობის ახალმა მინისტრმა პაატა სალიამ შეიტანა და ვადამ 2 თვით გადაიწია.

ბრძანებაში მხოლოდ ვადა არ არის შეცვლილი, შეიცვალა დოკუმენტების ზოგიერთი ტექნიკური დეტალიც. კერძოდ:

  • ახალი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს „ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური“;
  • მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი;
  • ახალი მოწმობა ასევე უნდა მოიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოკუმენტის ან მასზე დატანილი მონაცემების ერთიანობის, ავთენტურობისა და კონფიდენციალურობის დაცვას, მათ შორის – მფლობელის თითის ანაბეჭდსაც.

ბრძანებით გათვალისწინებულია, რომ მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე, მფლობელის სურვილით, ჩაიწეროს:

  • კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
  • ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
  • ასევე დამცავი მონაცემები, რომლებიც ხელს უშლის მონაცემების არასანქცირებულ გამოყენებას.

ინფორმაციისთვის, 2025 წლის 1-ელ აგვისტომდე გაცემული ძველი დიზაინის მოწმობები ძალაში, სტანდარტულად, ვადის გასვლამდე იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *