“ცვლილებები მესმის, როგორც ყულფის უფრო მაგრად მოჭერა” – “ელკანა” გრანტების შესახებ კანონპროექტზე
“ცვლილებები მესმის, როგორც ყულფის უფრო მაგრად მოჭერა”, – “გრანტების შესახებ” ინიცირებულ ახალ კანონპროექტს “ელკანას” დირექტორი, მარიამ ჯორჯაძე BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ეხმაურება და ამბობს, რომ კანონები, დროთა განმავლობაში იმდენად ბუნდოვანი ხდება, რომ ადამიანი ავტორიტარულ რეჟიმთან და ამ კანონებთან დაუცველი რჩება.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარტიის მიერ ინიციირებულ “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა დასჭირდება.
მარიამ ჯორჯაძის ცნობით, მთავრობა ახალი კანონების შემოღებას გამჭვირვალობის სურვილს მიაწერს, თუმცა მისი აზრით, რეგულაციები იმდენად ბუნდოვანია, რომ მომავალში შეიძლება ნებისმიერი ორგანიზაცია გახდეს ამის მსხვერპლი.
“ჩვენ სპეციფიკური ორგანიზაცია ვართ, რომელიც მეურნეობებზე მუშაობს და ამ საქმიანობას რა თქმა უნდა, ვერ და არ გავაჩერებთ, მანამდე სანამ ამის საშუალება გვექნება. თუმცა ორგანიზაცია ძალიან შემცირდა, პრაქტიკულად აქტიური ჯგუფი დარჩა, რომელიც ცდილობს, რომ ის მინიმალური საქმეები, რომელიც ფუნქციონირებას სჭირდება, შეინარჩუნოს. ასეთ პირობებში, ჩვენნაირ ორგანიზაციასაც ძალიან გაუჭირდება ფუნქციონირება, რადგან ძირითადად საერთაშორისო დონორებზე ვართ დამოკიდებული. ასევე, სხვადასხვა ტენდერებსა და კონკურსებზე, რომელიც ცხადდება”, – ამბობს ჯორჯაძე.
“ელკანას” დირექტორის თქმით, მათი ორგანიზაცია ბევრ საერთაშორისო პროგრამაში იღებდა მონაწილეობას. თუმცა ამ კანონების შემდეგ, ზოგ პროექტში საქართველო შეიძლება საერთოდ სიიდან იყოს ამოღებული.
აღსანიშნავია, რომ “ელკანა” გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ რეესტრში არ დარეგისტრირდა. თავად მმართველმა პარტიამაც აღიარა, რომ კანონმა არ გაამართლა. კითხვაზე, რას აპირებს “ელკანა” FARA-ს პირობებში, მარიამ ჯორჯაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციების რეჟიმშია და ვერაფერს იტყვის.
“ჯერჯერობით კონსულტაციის რეჟიმში ვარ. მაშინაც,[გამჭვირვალობის კანონის პერიოდშიც] კონსულტაციების რეჟიმში ვიყავით, თუ რა გაგვეკეთებინა. მე ვიყავი ის პირველი ადამიანი, რომელიც ვამბობდი, რომ მომიწევდა დარეგისტრირება. იმიტომ, რომ ეს არის საქმიანობა, სადაც გვაქვს პასუხისმგებლობა და საქმიანობას ვერ გავაჩერებ. თუმცა ჩემთვის გამჭვირვალობის კანონის ფარგლებში დარეგისტრირება, როგორც უცხოური ძალის გამტარებლის, იყო ძალიან შეურაცხმყოფელი.
ახლაც გვაქვს კონსულტაციები, სადაც ზოგიერთი იურისტი გვეუბნება, რომ ჩვენნაირ ორგანიზაციას ეს კანონი პირდაპირ არ ეხება, მაგრამ იმდენად ბუნდოვანია ეს კანონი, რომ როდესაც მოუნდებათ, შეგვეხება. ამიტომ, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი”, – განმარტა მან.
მარიამ ჯორჯაძე ვარაუდობს, რომ ამ კანონების მიუხედავად, მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესები პრივილეგირებულ მდგომარეობაში იქნებიან და მათ ყველაფრის უფლება ექნებათ.