საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება „Welcome to Georgia“ წელს, 25 სექტემბერს გაიმართება. როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ Welcome to Georgia-ს დამფუძნებელმა პარტნიორმა მაია სიდამონიძემ განაცხადა, წლევანდელ ღონისძიებაზე სტუმარმასპინძლობის კომპანიებს 35 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენენ.
Welcome to Georgia არის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან ტარდება. ის უკრაინელმა მარინა ჩაიკამ დააფუძნა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინაში დაბრუნება გადაწყვიტა, ბრენდი მაია სიდამონიძემ შეიძინა.
პროექტის მიზანია, ქართული ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის წახალისება, კომპანიებისა და ბრენდების ცნობადობის გაზრდა და საქართველოს წარმოჩენა საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.
როგორც „წერტილთან“ ინტერვიუში მაია სიდამონიძემ განაცხადა, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს შეარჩევს შესაბამისი ჟიური, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტებისგან დაკომპლექტდება.
„გვინდა, შეფასების პროცესი მაქსიმალურად კონფიდენციალური იყოს; ახლა გვაქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიასთან, რომელიც მთელ პროცესს გადაიბარებს და ფინალამდე მეც კი არ მეცოდინება გამარჯვებულების ვინაობა; გარდა ამისა, გვექნება ე.წ. public voting-ი, რათა მომხმარებლის შეფასებებიც გავიგოთ. ასევე, ფინალისტ კომპანიებს ესტუმრებიან „იდუმალი სტუმრებიც“, – განაცხადა მაია სიდამონიძემ.
მისივე ინფორმაციით, Welcome to Georgia-ს ეროვნული დაჯილდოებისთვის რეგისტრაციის გავლა 20 მაისიდან დაიწყება და ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.
„20 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში, რეგისტრაციის საფასური იქნება 300 ლარი, შემდეგ კი, მთელი ივლისი სხვა ფასი. აგვისტო კი, სრულად კომპანიების შეფასებას დაეთმობა. პირველ ეტაპზე, მონაწილეები მხოლოდ საბაზისო ინფორმაციას წარმოადგენენ, შემდეგ ეტაპზე კი, ჩვენი გუნდი დაუკავშირდება, რათა ყველა საჭირო ინფორმაცია მიიღოს ამა თუ იმ ბიზნესის შესახებ“, – აღნიშნა მაია სიდამონიძემ.
Welcome to Georgia-ს დამფუძნებელი პარტნიორი დარწმუნებულია, რომ საიუბილეო დაჯილდოებაზე ბიზნესის ინტერესი მაღალი იქნება.
„ბევრისთვის შეიძლება ამა თუ იმ ნომინაციაში გამარჯვება იყოს მოტივაცია, მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია აღიარება; წელიწადში ერთხელ მაინც გვჭირდება ერთმანეთი დავაფასოთ, ვაღიაროთ ჩვენი მიღწევები და წინსვლები, რადგან ფაქტობრივად, covid-ის შემდეგ, ტურიზმის ინდუსტრია ძალიან არასტაბილურია, ბევრი გამოწვევაა და მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თუნდაც ერთი დღე ერთმანეთის დაფასებას დავუთმოთ“, – ამბობს ის.
რაც შეეხება ტურიზმის ადმინისტრაციასთან და ეკონომიკური პროფილის სხვა საჯარო უწყებებთან თანამშრომლობას, მაია სიდამონიძის თქმით, ისინი Welcome to Georgia-ს მხარდამჭერები ამ დაჯილდოების დაარსების დღიდანვე იყვნენ.
„ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა იყვნენ ახლაც, მაგრამ ჯერ არ მიმიმართავს. სხვა საორგანიზაციო ეტაპებს გავდივართ და ღონისძიების თარიღის მოახლოებისას, მათთანაც გვექნება კომუნიკაცია“, – თქვა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში მაია სიდამონიძემ Welcome to Georgia-ს სხვა გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სურვილია, პლატფორმა მულტიფუნქციური გახდეს.
„გვსურს, გარდა ყოველწლიური დაჯილდოებისა, წლის განმავლობაში ტურიზმის ბიზნესის მხარდამჭერი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები ჩავატაროთ; ასევე, გვინდა, გავაკეთოთ „ცოდნის ჰაბი“, სადაც ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებას გააზიარებენ და ა.შ. მოკლედ, გვინდა, დავიწყოთ ასეთი აქტივობები, რომელიც ტურიზმის სექტორს დაეხმარება, როგორც ადგილობრივ, ისე გარე ბაზრებზე თავისი ბიზნესების შესახებ ფართო აუდიტორიისთვის ხმის მიწვდენაში“, – განაცხადა მაია სიდამონიძემ.