“ცხოველთა საკვების ექსპორტში 90%-იანი წილი გვაქვს” – Nutrimax-ი საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს

“ცხოველთა საკვების ექსპორტში 90%-იანი წილი გვაქვს” – Nutrimax-ი საექსპორტო არეალის გაფართოებაზე მუშაობს

ფერმერული მეურნეობებისთვისა და კომპანიონი ცხოველებისთვის საკვების მწარმოებელი ქართული კომპანია Nutrimax-ის მმართველი პარტნიორის განცხადებით, საქართველოდან ცხოველთა საკვების ექსპორტში კომპანიის პროდუქტს 90%-იანი წილი უკავია.

2016 წელს გახსნილი წარმოების წლიური წარმადობა დაახლოებით 85 000 ტონაა, რასაც “ნუტრიმაქსი” ფერმერულ მეურნეობებს ცხოველებისთვის და ფრინველებისთვის აწვდის. მეორე საწარმო კი 2023 წელსაა გახსნილი და წელიწადში ძაღლისა და კატისთვის განკუთვნილი 25 000 ტონა საკვებს აწარმოებს. ბექა ბექაია ამბობს, რომ წარმოებული პროდუქტის 25-30% ექსპორტზე გადის, დანარჩენი კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

ცხოველთა საკვების მოხმარების მიმართულებით საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა და დაფუძნების დღიდან Nutrimax-ის მიზანი არსებული დეფიციტის აღმოფხვრა და ფერმერებისთვის საერთაშორისო სტანდარტების საკვების მიწოდებაა. ამის პარალელურად კი ქართული წარმოება საექსპორტო გეოგრაფიის გაფართოებაზეც მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ბექა ბექაიამ BMG tv-ის გადაცემა “რედაქტ2”-ში ისაუბრა.

„ექსპორტის მონაცემებში ძირითადი წილი – 90% ჩვენია. 2023 წელს ექსპორტის უკეთესი მაჩვენებელი გვქონდა, ვიდრე 2024 წელს. შეიძლება ეს აზერბაიჯანში ექსპორტის კლებით იყოს განპირობებული. ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან ცხოველების საკვები ისეთი პროდუქტია, რომელიც მყისიერად მოქმედებს ნედლეულის ფასებზე.

ჩვენს წარმოებაში ექსპორტს დაახლოებით 25-30% უკავია და ვცდილობთ, ეს ბალანსი ექსპორტის სასარგებლოდ გავზარდოთ. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ვგულისხმობ, არამხოლოდ ფერმერული მეურნეობებისთვის განკუთვნილ საკვებს, არამედ კომპანიონი ცხოველებისთვისაც“, – აღნიშნავს ბექა ბექაია. დღეს, კომპანიის 100-ზე მეტი პროდუქტი და 6 სხვადასხვა კატეგორიის ბრენდი საქართველოსთან ერთად, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და მოლდოვაშია ხელმისაწვდომი, თუმცა ბექაიას თქმით, მუშაობა სხვა ბაზრების ათვისებაზე მიდის.

„ევროკავშირი დიდი და ამასთან პრემიუმ ბაზარია, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგად იხდიან. ბუნებრივია, [ევროკავშირში] შესვლა გვინდა. სხვათა შორის მაისში ბოლონიაში იყო გამოფენა და ჩვენი სტენდი გვქონდა წარმოდგენილი. დიდი რესურსები ჩავდეთ.

ექსპორტის გაფართოების მიმართულებით პოტენციურ კლიენტებთან ვმუშაობთ. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებზე – რუმინეთზე, საბერძნეთზე, ასევე ისრაელში გვაქვს აქტიური მუშაობა. შედეგები შეიძლება ამ წელს გვქონდეს“, – აღნიშნავს ბექაია და დასძენს, რომ ამ ქვეყნებში შესვლის შემთხვევაში კომპანიის დადგმული სიმძლავრეები საკმარისი არ იქნება.

სად ყიდულობს და ყიდის საქართველო ცხოველების საკვებს?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *