ზარალის ღირებულების ზრდის ძირითად მიზეზად კვლავ მწვავე შტორმი, წყალდიდობა და ხანძარი სახელდება. მიღებული შედეგები დაფუძნებულია ზარალის ზრდის გრძელვადიან ტენდენციაზე – რაც წლიურად 5%-დან 7%-მდე განისაზღვრება – და მოიცავს ლოს-ანჯელესში მომხდარი მასშტაბური ხანძრით გამოწვეულ $40-მილიარდიან ზარალსაც.
Swiss Re ასევე იტყობინება, რომ მიმდინარე წლის პიკური მაჩვენებელი, შესაძლოა, მომდევნო წლებში გაიზარდოს და $300 მილიარდსაც მიაღწიოს, რაც “ანომალიად ვერ შეფასდება”.
ბუნებრივი სტიქიების გახშირებასთან ერთად, ამერიკულ კომპანიებს დაზღვეული ზარალის ასანაზღაურებლად უფრო მეტის გაღება უწევთ. გასულ წელს გლობალურად ანაზღაურებული ზარალის 80% სწორედ შეერთებულ შტატებზე მოდის, ფლორიდაში, ტეხასში, კალიფორნიასა და სხვა შტატებში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფების გამო. იზრდება მოზიდული პრემიების რაოდენობაც; მაგალითისთვის, ფლორიდაში, სადაც ხშირია ქარიშხლები, მოზიდული პრემიის რაოდენობა ორჯერ აღემატება ეროვნულ საშუალო მაჩვენებელს.
Zurich Insurance-ის დამოუკიდებელ კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ბუნებრივი სტიქიების გამო გლობალურმა ეკონომიკამ ბოლო ათწლეულში $2 ტრილიონის ზარალი მიიღო და არც სამომავლო პროგნოზებია განსაკუთრებით პოზიტიური.
მზარდი ტენდენციების გამო, სარისკო ზონებში სადაზღვევო კომპანიებმა მომსახურების ფასი გაზარდეს, თუმცა სექტორი მაინც საუბრობს, რომ სადაზღვევო დაფარვები მზარდ ზარალს ვერ ეწევა, რასაც უფრო მეტ დაუზღვეველ სახლამდე თუ ბიზნესამდე მივყავართ.
Zurich Insurance-ის თანახმად, ბოლო 30 წელში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული დაზღვეული ზარალის მოცულობა უფრო სწრაფი ტემპით გაიზარდა, ვიდრე გლობალური ეკონომიკა. ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დანაკარგების თავიდან ასარიდებლად ინდუსტრიას მეტი მოქნილობა სჭირდება, მათ შორის, საფასო პოლიტიკის გადასახედადაც.