საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA), მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წლის იანვარი-მაისის პერიოდში 504 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო ზარების რაოდენობამ 1590 შეადგინა.
GCCA-ს ინფორმაციით, განცხადებების რაოდენობა 45%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
სააგენტოს მონაცემებით:
- საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 50 დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 81 საქმეზე.
- GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 24 მოვაჭრეს – 54 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა, ჯამში – 21 046 ლარის ოდენობით.
- მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 73 საქმეზე – 67 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
2025 წელს, მომხმარებლების განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 78%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს იმერეთი 5%, აჭარა 4% და კახეთი 3 % და სხვა რეგიონები.
5 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 169 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 148, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 96, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 29, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 23, ხოლო სხვა დანარჩენზე 39.
სტატისტიკის მიხედვით, 73%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 12%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 15%-ს.
მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია შეავსოთ სპეციალური განაცხადის ფორმა – https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და გააგზავნოთ ელ-ფოსტაზე co******@******ov.ge. დაზუსტებული ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ GCCA-ის ცხელ ხაზზე 15 20 და ასევე ქალაქის ნომერზე 032 205 44 22.