“წყალი მთის” გუანჯოუში წყლის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

“წყალი მთის” გუანჯოუში წყლის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

არაგაზირებული ქართული წყლის ბრენდი „წყალი მთის“ ჩინეთში, გუანჯოუში წყლის მე-13 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. ვიზიტის მიზანია ჩინეთის ბაზრის შესწავლა, დადგენა თუ რამდენად გაჯერებულია იგი წყლის მწარმოებლებით, როგორია ტექნოლოგიური განვითარების დონე და რომელ პარტნიორებთან შეიძლება წარმატებული თანამშრომლობა.

როგორც „წყალი მთის“ ქარხნის წარმოების მენეჯერმა, ზურა შარაშენიძემ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, გამოფენა 3 -დღიანია და მასში მსოფლიოდან წამყვანი მწარმოებლები და ექსპორტიორები მონაწილეობენ.

„აქცენტი გაზიან და არაგაზირებულ წყლებზეა. გამოფენის მთავარი მიზანია, მწარმოებლები და დისტრიბუტორები ერთმანეთს დაუკავშიროს. ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტების გაცვლა და პროდუქტების გაცნობა. ჩვენც ვმონაწილეობთ დეგუსტაციაში და კონკურსში, სადაც წყლის სომელიეები პროდუქტის ხარისხს აფასებენ. შედეგები დღეს გახდება ცნობილი“, – აღნიშნა შარაშენიძემ.

მისი თქმით, წყალში ბრომატის შემცველობა ერთ-ერთი გამორჩეული საკითხი იყო გამოფენაზე: „საინტერესოა, რომ ბევრმა მწარმოებელმა არც იცოდა ბრომატის შესახებ. მთელი გამოფენის მასშტაბით, მხოლოდ ჩვენს ეტიკეტზე ეწერა, რომ პროდუქტი ბრომატის გარეშეა, რამაც ბევრი მომხმარებლის ყურადღება მიიპყრო“, – ამბობს ზურა შარაშენიძე.

„წყალი მთის“ ბრენდ მენეჯერი ლაშა ჯვართავა ეთერში ამბობს, რომ პროდუქტის ვიზუალური მხარე, განსაკუთრებით კი შუშის ბოთლის დიზაინმა გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.

„ჩვენი პროდუქციის შუშის შეფუთვამ გამოფენაზე დიდი მოწონება და ყურადღება დაიმსახურა. ამასთან, მომხმარებლების ინტერესი გამოიწვია PSG-ს ლოგომაც. ხშირად გვეკითხებიან, რა კავშირი გვაქვს ფრანგულ საფეხბურთო კლუბთან. ვუხსნით, რომ ჩვენ მათი რეგიონული პარტნიორები ვართ“, – განაცხადა ჯვართავამ.

კომპანიის მომარაგების მენეჯერი, გიორგი სიგუა კი აღნიშნავს, რომ გამოფენაზე მრავალი დისტრიბუტორი და ლოგისტიკური კომპანიაა წარმოდგენილი, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ბევრი დისტრიბუტორია აქ, რომელთანაც ტექნიკურ ლოგისტიკურ დეტალებს გავდივართ, თუ რა პერიოდი დასჭირდება პროდუქციის საქართველოდან ექსპორტს და ტრანსპორტირების ბევრი საინტერესო ალტერნატივა არსებობს, რომელიც სამომავლო პერსპექტივაში ექსპორტირებისას დაგვეხმარება”, – განმარტა სიგუამ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *