ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა, 2 ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით მგზავრებს ვერ მოემსახურება. მიზეზი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური სამუშაოებია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ამ პერიოდში ჩატარდება საბაგირო გზის მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირების მაგნიტურ-ინდუქციურ დეფექტოსკოპიური კვლევა, ასევე, ბაგირის ჩამაგრების ქუროების შემოწმება. გარდა ამისა, აკრედიტებული ორგანო საბაგირო გზის ტექნიკურ ინსპექტირებას მოახდენს.
როგორც ცნობილია, მომსახურე პერსონალს საევაკუაციო სწავლებაც ჩაუტარდება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.