“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
საქმე ის არის, რომ კომპანიის მიერ 22 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ჭიათურაში სამთო წარმოების აღდგენა და რეორგანიზაცია იგეგმებოდა, რომელსაც „მაღალკვალიფიციური მენეჯერი“ მიხაილ სოცკი უხელმძღვანელებს. კომპანია ადგილობრივი ჯგუფებს პიკეტირების შეწყვეტას და ხელი სამთო წარმოების აღდგენის ხელის არშეშლისკენ მოუწოდებდა.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი დეტალურად არის განმარტებული რას მოიცავს ფინანსური მდგრადობის აღდგენისა და რეორგანიზაციის პროცესში სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნების გეგმა. CMC-ში იმასაც აცხადებენ, რომ თანამშრომელთა შერჩევა კონკურსით მოხდება, რომელშიც მონაწილეობის ვალდებულება თითოეულ თანამშრომელს ექნება.
“ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით რეორგანიზაცია დაიწყო. მაღაროების სრულფასოვანი განახლების, ფინანსური მდგრადობის აღდგენის და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებისთვის კომპანია გეგმავს:
- სრულად უარი თქვას არა-პროფილურ მიმართულებებზე და ამ მხრივ ხარჯები 100%-ით შეამციროს;
- მოახდინოს ყველა საწარმოო პროცესის ტექნოლოგიურ და ნორმატიულ სტანდარტებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანა, მათ შორის: • სამუშაო აღწერილობის;• შრომითი პირობების;• სამუშაო საათების; • საკვალიფიკაციო მოთხოვნების.
- საშტატო სტრუქტურისა და პოზიციების დაკომპლექტება მხოლოდ ტექნოლოგიურ პროცესში საჭირო, სათანადო პროფესიის მქონე კადრებითა და აუცილებელი ტექნიკური პერსონალით;
- ადმინისტრაციასა და მმართველ რგოლში შემცირებას, როგორც რაოდენობრივ ასევე ანაზღაურების ნაწილში
დასახული ცვლილებები შინაარსობრივად ეხება აბსოლუტურად ყველა დასაქმებულს და მიზნად ისახავს პირველ რიგში წარმოების გადარჩენას, სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებას. ამ გზით ჭიათურაში სამთო მოპოვებითი წარმოება რეაბილიტირდება და განვითარებაზე ორიენტირებული გახდება. რეორგანიზაციის მასშტაბებიდან გამომდინარე პროცესი წარიმართება გამჭვირვალედ. დაცული იქნება სამართლიანობის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ განახლებულ საშტატო სტრუქტურაში ყველა პოზიცია თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება CMC ჰოლდინგში დასაქმებული თანამშრომლებისთვის, შესაბამისი წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
თანამშრომელთა შერჩევა წარიმართება შიდა კონკურსის სახით და მოიცავს სამ ეტაპს:
- თანამშრომელთა განაცხადების მიღებას განახლებულ საშტატო პოზიციებზე;
- თანამშრომელთა ინდივიდუალურ კომისიურ გასაუბრებას;
- გასაუბრების შედეგების შეჯერებიდან გამომდინარე კონკრეტული თანამშრომლების შერჩევას. შიდა კონკურსის პირველი ეტაპი: განცხადებების მიღება დაიწყება 24 აპრილიდან და გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის. მეორე ეტაპზე დაგეგმილია ინდივიდუალური გასაუბრება წარმოდგენილი განცხადებების შესაბამისად, რომელსაც გაუძღვებიან მოწვეული ექსპერტები მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები. გასაუბრების მიზანია თანამშრომლების კვალიფიკაციის შეფასება და დადგენა, თუ რამდენად შეესაბამება დასაქმების მსურველის ცოდნა და გამოცდილება შერჩეულ პოზიციას.
იმ შემთხვევაში თუ დასაქმებულის პროფესიული კომპეტენცია ვერ აკმაყოფილებს პროგრამას, კვალიფიკაციის ასამაღლებლად უფასო გადამზადების კურსს შევთავაზებთ, რომლის გავლასაც თანამშრომელი სასურველი მიმართულებით შეძლებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის” განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაღაროები ეტაპობრივად მაისის ბოლომდე გაიხსნება, გეგმაში ასევე კი 2026 წლის პირველი იანვრისთვის ფინანსურის კრიზისის დაძლევა და სტაბილური ოპერირების დაწყებაა.
“წარმოების განახლებისთვის საჭიროა:
• საწარმოო პროცესების ოპტიმიზაცია;
• ახალი ტექნოლოგიების დანერგვა;
• რესურსების დაზოგვა;
• განახლებული საინჟინრო და ტექნიკური რეგლამენტების დანერგვა;
• მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკა;
წარმოების განახლება გეგმის მიხედვით წარიმართება. მაისის ბოლომდე მაღაროები ეტაპობრივად გაიხსნება.
გეგმის მიხედვით, 2025 წლის პირველი იანვრისთვის კომპანიამ უნდა დაძლიოს ფინანსური კრიზისი, აღარ იფუნქციონიროს ზარალზე და დაიწყოს სტაბილური ოპერირება”, – აღნიშნულია CMC-ის განცხადებაში.
ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელები 28 თებერვლის შემდეგ უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მაღაროელები აცხადებენ, რომ კომპანიასთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში შესვლა მათთვის მიუღებელია.