ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის 114-ე დღე – აქციის ერთმა წევრმა პირი ამოიკერა

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტის 114-ე დღე – აქციის ერთმა წევრმა პირი ამოიკერა
ჭიათურაში, მაღაროელები პროტესტს განაგრძობენ. როგორც მაღაროელთა ჯგუფი წერს, დღეს, აქციის ერთ-ერთმა წევრმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მაღაროელები ხელისუფლებამ და სახელმწიფომ, ასევე იმ საზოგადოებამ მიატოვა, რომლის ინტერესებსაც აჟღერებდნენ და გააჟღერებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები მომავალშიც. მაღაროელები აღნიშნავენ, რომ მანგანუმი ღვთისგან ნაბოძები სიმდიდრეა, რომელიც არასწორი პოლიტიკის გამო ჭიათურელებს წყევლად ექცათ.

“დღეს, 21 ივნისს, ჭიათურაში მიმდინარე პროტესტის 114-ე დღეა. ის დაიწყო 28 თებერვალს, მას შემდეგ რაც კომპანიამ, სპეციალური მართვის რეჟიმზე გადასვლისას, ვეღარ უზრუნველყო ხელფასების დროული და სტაბილური დარიცხვა. კომპანიას ვალდებულება ჰქონდა, ხელფასის 60% ყოველ თვეში, 15 რიცხვში დაერიცხა, თუმცა ამ პირობის დარღვევამ და დასაქმებულთა მომავლის მიმართ სრული გაურკვევლობით გამოწვეულმა მოლოდინებმა ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.

7 მარტს კომპანიამ ტექსტური შეტყობინებით გვამცნო, რომ ჭიათურაში საწარმოო პროცესი აღარ აღდგებოდა. თანამშრომლებს დაემშვიდობა და კომპენსაციებზე მომდევნო კონტაქტს დაჰპირდა.

ამ გადაწყვეტილებამ დიდი არეულობა გამოიწვია ქალაქში და დასაქმებულებს რეაგირება სწრაფად მოგვიხდა.

საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც უშუალოდ დაზარალებული მუშაკებისგან შედგება, მშვიდობიანი, მასობრივი პროტესტი დაიწყო — საპროტესტო აქციები გავმართეთ: ჭიათურაში, ზესტაფონში და თბილისში. შედეგად, სახელმწიფომ სამმხრივი კომისია ჩამოაყალიბა, თუმცა საინიციატივო ჯგუფი ანუ დასაქმებულები ამ პროცესიდან გამორიცხა და მის ნაცვლად პროფკავშირები ჩართო, რომელთა მოქმედება მეტად შეესაბამებოდა ბიზნესის ინტერესებს.

პარალელურად, დაიწყო ჩვენი დისკრედიტაციის კამპანია, რომელშიც სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილიც ჩაება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვახმოვანებდით 3,620 დასაქმებულის ინტერესს, ვეძახდით სახელმწიფოს, ვთხოვდით პრემიერის ჩართულობას და მივიჩნევდით, რომ ჭიათურის მანგანუმის ნაციონალიზაცია ქვეყნისთვის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მომგებიანი იქნებოდა.

სახელმწიფომ არ მოგვისმინა — პირიქით, სამართალდამცავი და პოლიტიკური რესურსები ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს არც სამთავრობო მედია საშუალებებმა არ დააყოვნეს. 29 აპრილს, ღამით მოხდა ოთხი აქტივისტის დაპატიმრება, რომლებიც დღემდე პატიმრობაში რჩებიან უსამართლო საფუძველზე. ამას თან დაერთო დასაქმებულებზე ზეწოლა, რათა ხელი მოეწერათ დოკუმენტებზე, რომლებიც მათ სტატუსს ცვლიდა და პასუხისმგებლობას აკისრებდა, რაც ასევე პროფკავშირების თანხმობით ხდებოდა.

გარდა ამ ყველაფრისა, დღემდე არ არსებობს სამუშაო კონტრაქტები იმ ადამიანებისთვის, ვინც დაბრუნდა შრომით პროცესში — სრული არეულობაა პირობებსა და სტატუსებში.

ეს პროცესი, პრაქტიკულად, სამ ეტაპად წარიმართა: დასაქმებულთა გაღატაკება, შიშის შექმნა და შემდეგ მოჩვენებითი სტაბილურობის წარმოდგენა.შიმშილობის აქცია რამდენჯერმე დაიწყო, როგორც ციხეში, ისე ქალაქში.

19 ივნისს ოთხმა მაღაროელმა ისევ დაიწყო უვადო შიმშილობა ბიჭების განთავისუფლებამდე, ასევე უსამართლოდ დაკავებულმა მერაბ სარალიძემაც დაიწყო შიმშილობა ციხეში პროტესტის ნიშნად. დღეს კი ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ მირზა ლოლაძემ, რომელიც ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრია, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა”, – წერია განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *