ხარჯები ავიარეისების წახალისებისთვის – როგორ იზომება დახარჯული მილიონების ეფექტიანობა?

ხარჯები ავიარეისების წახალისებისთვის – როგორ იზომება დახარჯული მილიონების ეფექტიანობა?

ხარჯები ავიარეისების წახალისებისთვის – როგორ იზომება დახარჯული მილიონების ეფექტიანობა?

10 წლიანი პაუზის შემდეგ British Airways-ი საქართველოს ბაზარზე დაბრუნდა და როგორც ჩანს, იმ ავიაკომპანიების რიგებს შეუერთდა, ვინც საქართველოს სახელმწიფოსგან ფინანსური სტიმულით სარგებლობს.

„გავაფორმეთ რამდენიმეწლიანი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას და ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში როგორც ტურიზმის განვითარებას, ისე ახალი ნაკადების შემოყვანას“, – თქვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 31 მარტს British Airways – ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

კონკრეტულად რას მოიაზრებს ხელშეკრულება ან რა თანხები დაიხარჯება დიდი ბრიტანეთიდან მგზავრების მოსაზიდად უცნობია. თუმცა ავიამიმართულების სტიმულირების პრაქტიკა კარგად აპრობირებულია, მათ შორის საქართველოშიც. მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების ხარჯები – ამ დასახელებით ხარჯები „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ანგარიშგებებშიც გვხვდება. ხარჯები მოიცავს ავიაკომპანიებისთვის გადახდილ თანხებს, რომლებიც გათვალისწინებულია სხვადასხვა არაექსკლუზიურ წამახალისებელ პაკეტებში და ორიენტირებულია მიმართულებების, სიხშირის ან/და მგზავრთა ნაკადის ზრდაზე. მაგალითისთვის, 2023 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიებისთვის insentive-ებზე თითქმის 13 მლნ ლარი დახარჯა, 2022 წელს 7 მილიონი, ხოლო პანდემიამდე 2019 წელს 15 მილიონი.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” მიმართულებების მარკეტინგისა და განვითარების ხარჯები

  • 2017 წელი 7.18 მლნ ლარი
  • 2018 წელი 11.1 მლნ ლარი
  • 2019 წელი 15 მლნ ლარი
  • 2020 წელი 4.99 მლნ ლარი (kovid-19-ის პანდემია)
  • 2021 წელი 2.37 მლნ ლარი
  • 2022 წელი 7.29 მლნ ლარი
  • 2023 წელი 12.66 მლნ ლარი

წყარო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

BMG დაინტერესდა როგორია ავიაბაზარზე ფინანსური სტიმულების პრაქტიკა და საქართველოს რეალობა. როგორ იზომება მიმართულებების განვითარებისთვის გაწეული ხარჯების ეფექტიანობა?

“British Airwaysის საქართველოში დაბრუნება მარკეტინგული მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა” – ასე ეხმაურება ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორი დეა მაჭავარიანი და აღნიშნავს, რომ მსგავსი პრაქტიკა ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით ახალი მიმართულებებზე ავიარეისების დაწყებისას ავიაბაზრის ექსპერტი განმარტავს, რომ ე.წ “ინსენტივებისთვის ხარჯების მოცულობა იმ ქვეყანაზეა დამოკიდებული, სადაც პოპულარიზაცია ხდება და ამ მხრივ დიდი ბრიტანეთი ძვირიან მიმართულებად მიიჩნევა.

British Airways-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ავიაგადამზიდი. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა 2015 წლიდან და ძალიან დიდი ძალისხმევაა ჩადებული ამ რეისების დასაბრუნებლად და ვფიქრობ, მარკეტინგული თანხების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. საქართველო კარგად ცნობილია რუსეთის ან/და ყურის ქვეყნებში და ამ მიმართულებებზე მარკეტინგული ხარჯები არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მაგრამ ევროპაში იმდენად დიდია კონკურენცია, რომ თუ ავიაკომპანიამ არ დაასტიმულირა და ხელი არ შეუწყო ახალი მიმართულების პოპულარიზაციას რეისი არ დაიტვირთება. ხარჯებს როგორც წესი, იღებს აეროპორტის ოპერატორი და ტურიზმის დეპარტამენტი. საქართველოში აეროპორტი სახელმწიფოსთან მჭიდროდ დაკავშირებულია. მაგალითად, „აეროპორტების გაერთიანება“ შეიძლება აეროპორტის ოპერატორად მივიჩნიოთ,ქუთაისის აეროპორტის შემთხვევაში მაინც. ჩვენი, ჰერაკლიონის აეროპორტის შემთხვევაში, ყოველწლიურად კეთდება ანალიზი რა მიმართულებების და რომელი ავიაკომპანიების მოზიდვა გვჭირდება. მაგალითად, ჩვენთვის გამოწვევაა სეზონურობა და ამიტომ ჩვენი მარკეტინგული მხარდაჭერა ორიენტირებულია ისეთ ავიაკომპანიებზე რომლებიც ზამთრის სეზონზეც იფრენენ“, – განმარტავს დეა მაჭავარიანი.

მისი თქმით, როგორც წესი, მხარდამჭერი აქტივობების ბიუჯეტი იმ ქვეყანაზეა დამოკიდებული საიდანაც ავიარეისები სრულდება. ამ მხრივ კი, დიდი ბრიტანეთი „ძვირიან ქვეყნად“ მიიჩნევა.

„საქართველოს ხუთმაგი ძალისხმევა დასჭირდება ბრიტანეთისთვის პოპულარული მიმართულებების ოცეულში მოსახვედრად“

„British Airways-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ავიაგადამზიდი, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდება ვიზა. აქცენტი კეთდება შემომავალ ვიზიტორებზე. მაშინ როდესაც ბრიტანეთის ბაზარზე ყველაზე პოპულარული მიმართულებებია ესპანეთი, საბერძნეთი და თურქეთი, ამიტომ ალბათ საქართველოს ხუთმაგი ძალისხმევა დასჭირდება იმისთვის, რომ მოხვდეს ბრიტანეთისთვის პოპულარული მიმართულებების თუნდაც ოცეულში. ამასთან, ახალი რეისის „ამოქაჩვას“ სჭირდება 2-3 წელი და ბრიტანეთის შემთხვევაში მოლოდინი, რომ რეისები იქნება სრულად დატვირთული, ალბათ არ არის. თუნდაც 70%-იანი დატვირთვით რომ იმუშაოს მიმართულებამ დიდი პროგრესი იქნება“, – აღნიშნავს ჰერაკლიონის აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორი.

დეა მაჭავარიანი გვიხსნის, რომ რაც უფრო ნაკლებად არის ცნობილი ქვეყანა იმ ქვეყნის მოსახლეობისთვის საიდანაც ფრენები უნდა შესრულდეს, მით უფრო მაღალია წამახალისებელი პაკეტების ბიუჯეტი. ამასთან, ე.წ ინსენტივები ორი ფორმით ხორციელდება – ფასდაკლება საავიაციო გადასახადებზე და მარკეტინგული მხარდაჭერის პაკეტი. რაც შეეხება მარკეტინგული მხარდაჭერის ბიუჯეტს, ის განისაზღვრება ავიაკომპანიასთან ერთად – მხარეები ერთობლივად ხარჯავენ თანხებს 50-50% -ის პრინციპით. თანხა იხარჯება მიმართულების პოპულარიზაციისთვის საჭირო სხვადასხვა აქტივობაზე, კეთდება მგზავრთნაკადის საპროგნოზო მაჩვენებელი და საბოლოოდ, სამიზნე მაჩვენებლების შესრულებით ითვლება დახარჯული თანხის ეფექტიანობა.

დეა მაჭავარიანი აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ბრიტანეთში სავიზო რეჟიმი მოქმედებს, ამიტომ სავარაუდოდ, ბრიტანული ავიაკომპანიების შემთხვევაში აქცენტი შემოსულ ვიზიტორებზე გაკეთდება.

„წელს განხორციელებული აქტივობების შედეგს დავინახავთ მომავალ წელს ან 2 წელიწადში. ბრიტანელი დამსვენებელი ძალიან იშვიათად ყიდულობს ბოლო წუთში სამოგზაურო პაკეტს, ამიტომ წელს თუ იწყება ავიარეისების შესრულება, ბრიტანეთიდან ვიზიტორებს მასობრივად მომავალ წელს ან შემდეგ წლებში უნდა ველოდოთ“, – ამბობს დეა მაჭავარიანი.

აღსანიშნავია, რომ აპრილიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში British Airways-მა დაიწყო ოპერირება. პირდაპირი ავიარეისები თბილისსა და ლონდონის ჰითროუს აეროპორტს შორის კვირაში ოთხჯერ შესრულდება. ასევე ამ კვირდან ავიაკომპანია EasyJet-მა დაიწყო ოპერირება. 31 მარტიდან EasyJet Switzerland-ი ჟენევა-თბილისი-ჟენევის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით იფრენს, EasyJet UK შეასრულებს რეგულარულ რეისებს თბილისი-ლონდონი-თბილისის საჰაერო ხაზზე, კვირაში ორჯერ – ყოველ სამშაბათსა და შაბათს. ასევე, პირველი აპრილიდან ყოველ სამშაბათსა და შაბათს მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე EasyJet Europe Airline BmbH შეასრულებს რეისებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *