გაფართოების ევროკომისარმა მარტა კოსმა “რადიო თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოსთან DCFTA-ის გადახედვას არ გამორიცხა. მისი თქმით, ბრიუსელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხო ზომებად განიხილავს კანდიდატის სტატუსის გაყინვას და სავაჭრო შეთანხმების (DCFTA-ის) გადახედვას, თუმცა „ფრთხილობს“.
BMG დაინტერესდა, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ლევან დავითაშვილი მსგავსი შედეგის შესაძლო დადგომასთან დაკავშირებით, რის საპასუხოდაც დავითაშვილმა თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესებშია და პასუხისმგებლიანია ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ხელისუფლება იღებს.
“რა თქმა უნდა, ყოველთვის ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. ჩვენი გადაწყვეტილებები არის სრულიად პასუხისმგებლიანი, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებთან სრულად თანხვედრაში და ჩვენი გადაწყვეტილებებით პასუხს ვაგებთ ჩვენი მოსახლეობის წინაშე, პირველ რიგში. საქართველოს მოსახლეობის ინტერესებშია ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ. შედეგების მიხედვით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ეფექტიანები ვართ და ეს მომავალშიც ასე იქნება”,- თქვა დავითაშვილმა, რომელმაც ასევე უპასუხა BMG-ის რამდენიმე ჩაკითხვას.
– ევროინტეგრაციის პროცესი რომ შეჩერებულია?
ლევან დავითაშვილი: ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე სპეკულაციები დიდი ხანია გვესმის, ეს ძალიან პირობითია. ევროინტეგრაციის პროცესი, ის, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, არ შეჩერებულა. მოსახლეობა იღებს ყველა იმ შედეგს, რასაც ევროინტეგრაციის პროცესისგან უნდა იღებდეს, დღეის მდგომარეობით და ასეც გაგრძელდება. იცით, რომ ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის არ გადაგვიხედავს. ობიექტურად თუ ვისაუბრებთ, საქართველოს ერთადერთი პოლიტიკა აქვს, რომელიც ევროპასთან ინტეგრაციას გულისხმობს და მასთან თანხვედრაშია ყველა პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც მთავრობას აქვს დამტკიცებული. ყველაფერი დანარჩენი უბრალოდ სპეკულაციაა.
– ანუ 28 ნოემბრის შემდეგ იგივე ურთიერთობა აქვს “ოცნების” მთავრობას ევროკავშირთან, რაც იქამდე ჰქონდა?
ლევან დავითაშვილი: ეს უკვე სუბიექტური ნაწილია. პოლიტიკური ლანდშაფტი არაერთგვაროვანია. ევროპაში არის ქვეყნები, რომლებსაც აქვთ თანხვედრი პოზიციები ბევრ საკითხზე ქართული ხელისუფლების, ასევე ქართველი ხალხის პოზიციებთან იმიტომ, რომ მოსახლეობის უმრავლესობას მხარდამჭერი პოზიცია აქვს ხელისუფლების მიმართ, ეს გამოჩნდა არჩევნებში და გამოჩნდება მომავალ არჩევნებშიც. ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკოსის გემოვნების მიხედვით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ.
– დავუშვათ დადგა ის შედეგი, რომ თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო რეჟიმები შეჩერდა, მერე რას იტყვით?
ლევან დავითაშვილი: მოდით, არ დავუშვათ, ვისაუბროთ კონკრეტული ფაქტებით და დღევანდელი რეალობით. [პასუხი] მერე მომთხოვეთ, როდესაც ეს ფაქტი დადგება.