ხილის მწარმოებელი აგროკომპანია Harvest-ი ექსპორტს გეგმავს – სამიზნე სპარსეთის ყურის ქვეყნებია

ხილის მწარმოებელი აგროკომპანია Harvest-ი ექსპორტს გეგმავს – სამიზნე სპარსეთის ყურის ქვეყნებია

აგროკომპანია „ქანდა აგრიქალჩერი“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე Harvest-ის ბრენდითაა წარმოდგენილი, 2026 წლიდან ექსპორტს სპარსეთის ყურის ქვეყნებში გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის წარმომადგენელმა, თამარ ბერულავამ განუცხადა.

აგროკომპანია, “ქანდა აგრიქალჩერის” 2021 წელს დაარსდა და მის მფლობელობაშია 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, საიდანაც ამ ეტაპზე 110 ჰა-ია ათვისებული. ტერიტორიაზე გაშენებულია ნუშის, ატმის, მსხლის, ვაშლის, ქლიავის, ბალისა და გარგარის ბაღები.

“პირველი სრულყოფილი მოსავალი 2024 წელს მივიღეთ და მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე გავყიდეთ. ძირითადად, წარმოდგენილი ვიყავით „აგროჰაბსა“ და „ნიკორაში“. ადგილობრივ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი გარგარი აღმოჩნდა – პირველი მოსავალი სწორედ გარგარის ავიღეთ და სრულად რეალიზდა. ასევე, კარგად გაიყიდა ბრტყელი ატამი და ვაშლი”, – განმარტა ბერულავამ.

მისივე თქმით, კომპანიის სამომავლო გეგმა ექსპორტზეა ორიენტირებული, თუმცა ეს მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როდესაც მოსავალი სრულ მსხმოიარობაში შევა.

“2026 წლიდან ვგეგმავთ, რომ გალფის ქვეყნებში ექსპორტი დავიწყოთ. ძირითადად ბრტყელი ატამით, რომელიც ყველაზე მოთხოვნადია და ფასიც ჩვენთვის მიმზიდველია. ასევე, ვგეგმავთ ბალისა და მსხლის გატანას. ვფიქრობთ, ასევე გარგარის პოტენციალზეც, თუმცა ამას ბაზარი გვიჩვენებს“, – აღნიშნა მან.

კომპანიამ 2024 წელს 100 ტონაზე მეტი მოსავალი მიიღო, რამაც მისი წარმომადგენლის თქმით, მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

ინვესტიციების კუთხით „ქანდა აგრიქალჩერის“ მხრიდან ჯამში დაახლოებით 5 მილიონი დოლარის მოცულობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა, მიწის შესაძენად. გარდა ამისა, კომპანიამ სახელმწიფო სუბსიდიებით, საგრანტო პროგრამებითა და შეღავათიანი აგროკრედიტით „საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით ისარგებლა.

რაც შეეხება დასაქმებულებს, კომპანია ამ დროისთვის დაახლოებით 50 ადამიანს ასაქმებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *