“ხილის წვენების სექტორმა ნატურალური, პრემიუმ ნიშა უნდა დაიჭიროს” – სოსო მანჯავიძე ექსპორტზე

“ხილის წვენების სექტორმა ნატურალური, პრემიუმ ნიშა უნდა დაიჭიროს” – სოსო მანჯავიძე ექსპორტზე

“ხილის წვენების სექტორმა ნატურალური, პრემიუმ ნიშა უნდა დაიჭიროს” – სოსო მანჯავიძე ექსპორტზე

“ქართული აგროპროდუქტის” მმართველი პარტნიორი, სოსო მანჯავიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი წარმოების ხილის წვენი საერთაშორისო ბაზარზე პრემიუმ კლასის ნიშის ქვეშ უნდა მოექცეს, რაც მის წარმატებას განაპირობებს. ამის შესახებ მანჯავიძემ “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა.

“ქართული აგროპროდუქტი” ნატურალური ხილის წვენებსა და “სმუზებს” “კეთილი და პატიოსანი” ბრენდის ქვეშ ყიდის. კომპანია ექსპორტს 5 ქვეყანაში ახორციელებს.

საქართველო არ არის იმხელა ქვეყანა, რომ დომინირება მოვახდინოთ რომელიმე ბაზარზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საწარმო შეიქმნა ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტი გახლავთ საკითხი, 2017 წლიდან თვითონ ვაწარმოებთ ხილის პიურეებს, რომლებიც შემდეგ ჩვენი წვენების ინგრედიენტებად გამოიყენება. შესაბამისად, მთავარი საკითხია, რომ ქართველი მწარმოებლები ნატურალურ პროდუქციას, პრემიუმ კლასს აწარმოებენ, რაზეც მოთხოვნა მზარდია როგორც ევროპაში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში.

ჩვენი პროდუქტი, “კეთილი და პატიოსანი” აბსოლუტურად ყველანაირი ქიმიური ჩარევის გარეშე მზადდება და მოთხოვნადია ფიტნეს და ველნეს მიმართულებით, ჯანსაღი პროდუქტია და ამით უნდა დავრჩეთ პრემიუმ კატეგორიაში. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ სავაჭრო პარტნიორებისთვის ნებისმიერი გემოს შექმნა შეგვიძლია, ნებისმიერ ეტაპზე. გვაქვს 22 დასახელების ხილისა და ბოსტნეულის პიურე და შესაძლებლობა, რომ ყველა ქვეყნის სპეციფიკას მოვერგოთ, მჟავე გემოები ურჩევნიათ მათ თუ – ტკბილი”, – განმარტავს სოსო მანჯავიძე.

“ქართული აგროპროდუქტის” საექსპორტო ბაზრებზე საუბრისას მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ კომპანიამ ეს მიმართულება 2024 წლიდან გააფართოვა. მანჯავიძის ინფორმაციით, დღეს “ქართული აგროპროდუქტის” წარმოების 70% ექსპორტზე გადის.

“ექსპორტის ზრდა შეიმჩნევა ჩვენს შემთხვევაშიც, გავედით კიდევ უფრო ახალ ბაზრებზე, რასაც წინაისტორიაც აქვს: 2024 წელს უკვე ჩვენს კომპანიაში “კოშერი” დაინერგა (ებრაული რწმენის შესაბამისად წარმოებული პროდუქცია), მივიღეთ სამი სერტიფიკატი წამყვანი კოშერული ორგანიზაციებისგან, რამაც ხელი შეუწყო ექსპორტის მიმართულებას, რადგან ებრაული სათვისტომო საკმაოდ მსხვილადაა წარმოდგენილი როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში. წამოვიწყეთ ყურძნისა და ბროწეულის წვენების მიმართულებაც, ორივე შემთხვევაში მოთხოვნა მაღალია, რამაც საექსპორტო მიმართულებაც გაზარდა.

წარმოების 70% ექსპორტზე გადის. მთავარი ბაზარი აშშ-ია, ასევე საფრანგეთი, უკრაინაც, მიუხედავად საომარი მოქმედებებისა, ნაკლებად აქტიურია გერმანია. გაგზავნილია პროდუქტი ინდოეთშიც, სადაც ახლა ვასრულებთ საბაჟო პროცედურებს და ძალიან საინტერესო ბაზარია. საინტერესოა აზიის მიმართულება და მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს ჩინეთთან, ასევე გალფის ქვეყნებთან, აქტიურად ვავითარებთ ისრაელის მიმართულებასაც”, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.

“ქართული აგროპროდუქტის” მმართველმა პარტნიორმა BMG-სთან დარგის გამოწვევებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, პრობლემურ საკითხად კვლავ რჩება მუშახელის დეფიციტი და ხარისხიან ნედლეულზე ხელმისაწვდომობა. მისი თქმით, ფერმერებმა უნდა იმუშაონ, რომ პროდუქტი იყოს უფრო ნატურალური და მავნე დანამატებისგან თავისუფალი.

ცნობისთვის: 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ნატურალური წვენების ექსპორტიდან $6 115 560 დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით 38%-იანი ზრდაა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *