ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა ხედვის არარსებობაა – ექიმი ჯაბა ზარქუა

ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა ხედვის არარსებობაა – ექიმი ჯაბა ზარქუა
„ჯანდაცვის სისტემის მთავარი გამოწვევა არის დიდი ხედვის არარსებობა, როგორი ჯანდაცვა გვინდა, რანაირი ჯანდაცვის ქონა შეგვიძლია. არ გვაქვს მიზანი, როგორ ვხედავთ ქართულ ჯანდაცვის სისტემას და საით მივდივართ“,- ამის შესახებ ექიმი გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა „რედაქტ2-თან“ ინტერვიუში აცხადებს. მისი შეფასებით, დღეს ჯანდაცვის პოლიტიკა პროტექციონიზმია და ჯანდაცვის სისტემა კი პოლიტიკური ვაჭრობის საგანი.

„როცა მიზანი არ გაქვს, მერე ყველაფერი ხდება ქაოტურად, კონტექსტიდან ამოვარდნილად, ამიტომაც არის, რომ ხან რაღაცა გახდება პრიორიტეტი ქართული ჯანდაცვის, ხან რაღაც.

მე, როგორც ექიმი და ჯანდაცვის სისტემის ნაწილი საერთოდ ვერ ვხედავ პოლიტიკის არსებობას, საერთოდ ვერ ვხედავ საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობის დღიდან რანაირი ჯანდაცვა გვინდა. ჯანდაცვა მიშვებულია, პოლიტიკური ვაჭრობის საგანია. ყველაზე აქტუალური პრობლემები, რაც არის ქართულ ჯანდაცვაში გამოყენებულია ყველა ფორმაციის მიერ პოლიტიკური ვაჭრობის საგნად, პოპულიზმს არ სცდება დაპირებები ჯანდაცვაში.

ამაზე მე რომ ვლაპარაკობ, გასტროენტეროლოგი ჩემს სიტყვებს სხვა ძალა აქვს, აქ უნდა იყვნენ ჩინოვნიკები და იქით უნდა გთხოვდნენ მოწვევას, რომ იქნებ რაღაც დრო დაგვითმოთ, რომ ხალხს ავუხსნათ, ამას ვაპირებთ, ეს გამოწვევები გვაქვს, 5 წელში ეს იქნება, როგორც მკურნალობას ვნიშნავთ ექიმები, ასე უნდა გვიხსნიდნენ, რა ინტერვენციას, რა შედეგი მოჰყვება. მსგავსი არ ხდება.

პროტექციონიზმია ჯანდაცვის მთავარი პოლიტიკა. სისტემურად და გააზრებულად აქვთ პროტექციონისტული პოლიტიკა, რაც გულისხმობს, რომ რაღაც რაოდენობის თანხა, რაც ჩვენი ჯიბიდან არის ამოღებული გაიხარჯოს ისე, რომ რეჟიმთან დაახლოებულ და მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ჩინოვნიკებს ჰქონდეს მეტი წილი.

ჩვენზე, კლინიცისტებზე უკეთ ვინ ხედავს პაციენტების პრობლემებს, ყოველდღიურად. დამოუკიდებლად ექიმებს ამის მოგვარების შესაძლებლობა არ გვაქვს. შემიძლია პრობლემის აქტუალიზაცია, მედიის დაინტერესება, ლაპარაკი საჯაროდ, მაგრამ იმის იქით ვერ მივდივართ“,- აცხადებს ექიმი რედაქტ2-თან ინტერვიუში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *