ჯანსაღი კვების რაციონის სერვისი „ბალანსი“ სექტემბრიდან ახალ 800 კვ.მ ფართობის საწარმოში გადადის, – ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა ნუცა სურგულაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალები ნარატივი“ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ „ბალანსი“ უკვე 2.5 წელია ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს მიტანის სერვისით ჯანსაღ და ბალანსირებულ საკვებს სთავაზობს. როგორც სურგულაძე ამბობს, მისი პროდუქცია გამორჩეულია ხარისხით, თუმცა, ფასები საშუალოზე დაბალი და ბაზარზე მაქსიმალურად მორგებულია.
კომპანიის თანადამფუძნებლის თქმით, ახალი საწარმო საბურთალოზე მდებარეობს და მისი შეძენა ბანკის დახმარებით შეძლეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფართობის მოწყობა და გარემონტება, რაც კომპანიის გეგმებით სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.
„ჩვენი პროდუქტები მზადდება მხოლოდ გაუყინავი ხორცითა და ახალ ბოსტნეულზე. გვყავს ფრანგი შეფი. საწარმოს მეშვეობით კიდევ უფრო მაღალ სტანდარტზე ვაპირებთ გადასვლას“, – ამბობს სურგულაძე.
მისივე განმარტებით, ამჟამად კომპანიის სამზარეულოში დასაქმებულია 10-12 ადამიანი, თუმცა დიდ საწარმოში გადასვლის შემდეგ 60-მდე თანამშრომლის დასაქმება იგეგმება, რომლებიც როგორც ჯანსაღი კვების, ისე საკონდიტრო ხაზის განვითარებაზე იმუშავებენ.
რაც შეეხება b2b მიმართულებით განვითარებას, სურგულაძე ამბობს, რომ ამ სექტორში დაბალ ფასზე არიან ორიენტირებული, ხოლო როდესაც კომპანია მაღალი ხარისხის წარმოებაზეა ფოკუსირებული, ეს ორი ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდის.
„როცა ხარისხზე ხარ ორიენტირებული, B2B მიმართულებით შესვლა რთულია, რადგან ბიზნესები დაბალ ფასზე აკეთებენ ფოკუსს. თუმცა, მაინც არ გამოვრიცხავთ ამ მიმართულებით მუშაობას“, – აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ახალი საწარმოს ამოქმედების შემდეგ კომპანია დესერტების და ტორტების ახალი ხაზის დამატებას გეგმავს.