“ჯირიანი” – როდის აშენდება ეგვიპტის ახალი ქალაქი?

“ჯირიანი” – როდის აშენდება ეგვიპტის ახალი ქალაქი?
აფრიკის უდიდესი ქალაქიდან, ქაიროდან 42 კილომეტრში, 6.8 კვადრატულ კილომეტრზე ახალი ქალაქი შენდება. “ჯირიანი” – ასე ჰქვია მასშტაბურ პროექტს, რომელიც ეგვიპტეში უნდა განხორციელდეს და ის სრულად ახალ, ინოვაციურ, ურბანული განვითარების გარდამტეხ პროექტს წარმოადგენს. “ჯირიანის” მიზანი უდაბნოს, დასავლეთის ნაწილის ცოცხალ და მდგრად ქალაქად გარდაქმნაა.

“ჯირიანმა” ლუქს კლასის საცხოვრებელი ზონები, კომერციული უბნები და აგრარული პროექტები უნდა გააერთიანოს. ქალაქის მთავარი იდეა კი ნილოსის ახალი განშტოების უდაბნოში გადატანაა, რაც ნიადაგის განახლებასა და ეკოლოგიურად მდგრადი ცხოვრების პირობების შექმნას გულისხმობს. თავად სახელი “ჯირიანი” არაბულად „დინებას“ ნიშნავს, რაც სიმბოლურად წყლის, ბუნებისა და ქალაქური ცხოვრების ჰარმონიულ შერწყმას ნიშნავს.

პროექტი სავარაუდოდ მილიარდობით დოლარი დაჯდება, თუმცა ამ დროისთვის “ჯირიანის” ზუსტი ღირებულება არ გასაჯაროებულა. ცნობილია, რომ პროექტი სამი კერძო დეველოპერის – Palm Hills-ის, Mountain View-სა და Nations of Sky-ს, ასევე სახელმწიფოსთან აფილირებული კომპანიის Mostakbal Misr for Sustainable Development-ის თანამშრომლობით ხორციელდება.

“ჯირიანის” იდეა ცნობილ ეგვიპტელ მეცნიერს, დოქტორ ფარუკ ელ-ბაზს ეკუთვნის, რომელსაც ეგვიპტის მთავრობამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, შედეგად ჯირიანი იქნება პირველი ქალაქი, რომელიც ახალ, “ნილოსის დერეფანზე” აშენდება.

ეგვიპტის ახალი ქალაქი ნილოსის წყლით ყოველდღიურად მომარაგდება, წყლის ნაწილი ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურას და აგრარულ პროექტს მოხმარდება. ქალაქის 30% სრულად პარკებსა და ბუნებრივ ზონებს გააერთიანებს. “ჯირიანში” მზის ენერგიასა და წყლის გადამუშავების თანამედროვე სისტემებს გამოიყენებენ. ქალაქში მძიმე მრეწველობა აიკრძალება, გადაადგილება კი მხოლოდ ეკოლოგიური საზოგადოებრივი ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. ჯირიანი საცხოვრებელ, ლუქს ვილებს, ბინებს და ტაუნჰაუსებს გააერთიანებს. თითოეული მათგანი თანამედროვე არქიტექტურითა და სმარტ სისტემებით იქნება აღჭურვილი. ადგილზე სავაჭრო პუნქტებით და საკვები სივრცეებით დატვირთული უბნები მოეწყობა. ჯირიანში სპორტული ცენტრები, კლინიკები, სკოლები და უნივერსიტეტებიც განთავსდება.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯირიანის ხარჯზე ეგვიპტე სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილ ტერიტორიას 25%-ით გაზრდის, რადგან 2 მილიონ 200 ათასი აკრის ტერიტორიაზე გაშენდება კულტურები, რომლებსაც დიდი მოსავალი ექნებათ. ამასთან, მარცვლეულის შესანახი ინფრასტრუქტურაც მოეწყობა. “ჯირიანი” გააერთიანებს სპეციალურ ზონებს, საკვები პროდუქტის გადამუშავებისა და ლოგისტიკისთვის.

ჯირიანი თანამედროვე და მდგრადი ურბანული განვითარების უნიკალური მაგალითია. მისი სტრატეგიული მდებარეობა, გონივრული დაგეგმვა და ეკოლოგიური მიდგომა მას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოტენციურად რეგიონში ყველაზე გავლენიან პროექტად აქცევს.

ახალი, ეგვიპტური ქალაქის მშენებლობა უკვე დაწყებულია. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება, პირველი ეტაპი კი სავარაუდოდ 2026 წელს დასრულდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *