ჰარვარდი ტრამპის ადმინისტრაციას უჩივის – რა ხდება?

ჰარვარდი ტრამპის ადმინისტრაციას უჩივის – რა ხდება?
ჰარვარდის უნივერსიტეტმა ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა – საქმე ეხება უნივერსიტეტისთვის მილიარდობით დოლარის ოდენობის ფედერალური დაფინანსების გაყინვას, რაც, ჰარვარდის ადმინისტრაციის მტკიცებით, უკანონობაა.

საქმე ისაა, რომ ჰარვარდმა, რომელიც მსოფლიოს უმდიდრესი უნივერსიტეტია, გასულ კვირას ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. მაშინ ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ მიზანი სასწავლებელში კულტურული მრავალფეროვნების აქტივობების გაუქმება და ანტისემიტიზმთან ბრძოლა იყო. უარის საპასუხოდ თეთრმა სახლმა ჰარვარდს $2.2 მილიარდის დაფინანსება შეუწყვიტა.

უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, ალან გარბერმა გამოაცხადა, რომ დაფინანსების შეჩერება ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების კვლევის პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებდა. საპასუხოდ კი თეთრ სახლში აცხადებენ, რომ “ფედერალური დახმარებით სავსე მატარებელი” მალე საერთოდ გაუქმდება.

“ბოლო კვირებში ფედერალურმა მთავრობამ ღია თავდასხმა წამოიწყო დაფინანსების კრიტიკულ თანამშრომლობაზე, რომელიც ამ შეუფასებელ კვლევას შესაძლებელს ხდის”, – ნათქვამია უნივერსიტეტის სარჩელში. აქვე აღნიშნულია, რომ ფედერალური დაფინანსების გაყინვა ხელყოფს ჰარვარდის კონსტიტუციურ უფლებას და აკადემიურ სივრცეში გადაწყვეტილებების მიღებაზე კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად.

აშშ-ის პრეზიდენტის მინიშნებით, ჰარვარდს შესაძლოა კიდევ $1 მილიარდის ოდენობის გრანტი გააუქმდეს. ჯამურად უნივერსიტეტი $9 მილიარდის ფედერალურ დაფინანსებას იღებს, რომლის ძირითადი ნაწილიც სამეცნიერო და სამედიცინო კვლევებს ხმარდება. დაფინანსების გაუქმებით საფრთხე ექმნება ჰარვარდში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვის შესაძლებლობასაც.

ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილება მთავრობის ახალმა, “ანტისემიტიზმთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფმა” მიიღო, რომელმაც სავარაუდო დარღვევები 60-მდე უნივერსიტეტში, მათ შორის ელიტარულ სასწავლებლებში გამოავლინა და განსახილველად წარადგინა. პრეზიდენტი ტრამპი აღნიშნულ უნივერსიტეტს ბრალს ებრაელი სტუდენტების გაუფრთხილებლობაში დებს, კამპუსში გამართული საპროტესტო აქციების გამო, რომლის მონაწილეებიც ღაზაში ომს და აშშ-ის მიერ ისრაელის დახმარებას აკრიტიკებდნენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *