ჰერჩინსკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ივნისს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს

ჰერჩინსკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ივნისს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 23 ივნისს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. მისი თქმით, მინისტრები, სავარაუდოდ, სამ საკითხზე იმსჯელებენ. “ორშაბათს, 23 ივნისს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ეს მათი ყოველთვიური საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაა და ისინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ განიხილონ ის, რაც მათ სურთ. ზუსტად არ ვიცი, რა იქნება განხილული, მაგრამ უფრო დაბალ დონეზე, ელჩების დონეზე გამართული მოსამზადებელი მოლაპარაკებების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ, სავარაუდოდ, წევრი სახელმწიფოები სამ საკითხზე იმსჯელებენ”, ― განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ განსახილველი საკითხები, სავარაუდოდ, ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაცია, სანქციების დაწესება და უვიზო რეჟიმის საკითხები იქნება. “პირველი საკითხია ევროკავშირის წინააღმდეგ უზარმაზარი დეზინფორმაცია, ევროკავშირის დემონიზაცია, რომელიც ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ხორციელდება. მეორე საკითხი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო სანქციების შემოღების შესაძლებლობაა, ხოლო მესამე საკითხი ადამიანის უფლებების მდგომარეობის სერიოზული გაუარესების ფონზე უვიზო მიმოსვლის საკითხია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ. ორშაბათს უნდა დაველოდოთ და შეგიძლიათ ეს კითხვები ორშაბათს ლუქსემბურგში უმაღლეს წარმომადგენელს/ვიცე-პრეზიდენტს დაუსვათ”, ― თქვა ელჩმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *