ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ირანისთვის “ეკონომიკური თვითმკვლელობა” იქნება – რუბიო

ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ირანისთვის “ეკონომიკური თვითმკვლელობა” იქნება – რუბიო
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა ირანისთვის “ეკონომიკური თვითმკვლელობის” ტოლფასი იქნება.

რუბიომ ჩინეთს მოუწოდა, ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდნენ ირანელებს, რადგან ჩინეთი ამ სრუტეზე ნავთობის ტრანსპორტირების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად დამოკიდებულია.

“ჩინეთის მთავრობამ უნდა მოუწოდოს ირანელებს, რადგან ისინი ძალიან არიან დამოკიდებული ამ სრუტით გადაზიდულ ნავთობზე. თუ ამას იზამენ [ირანელები] ეს იქნება კიდევ ერთი საშინელი შეცდომა და ეკონომიკური სუიციდი”, – თქვა რუბიომ Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა ირანის პარლამენტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის დახურვას დაუჭირა მხარი. სპარსეთის ყურეში მდებარე სრუტე მსოფლიო ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, რომლის გავლითაც ნავთობის დაახლოებით 20 პროცენტი გადის, რაც დღეში დაახლოებით 20 მილიონი ბარელია. შესაბამისად, ის მსოფლიო ვაჭრობისთვის კრიტიკული მნიშვნელობისაა. ირანი ამ სრუტის ჩაკეტვით ადრეც იმუქრებოდა, თუმცა სისრულეში არასდროს მოუყვანია. მისი ჩაკეტვა მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდას გამოიწვევს, რადგან ის ერთადერთი საზღვაო გზაა, რომელიც სპარსეთის ყურეს ღია ოკეანესთან აკავშირებს და მის სანაპიროებთან ნავთობის ისეთი მსხვილი მწარმოებლები არიან, როგორებიცაა ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *