„1 გრამი ქართული შაფრანი საქართველოში 20 ლარი, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე €25-მდე ღირს,“ – ამის შესახებ ფერმერმა მერაბ ინასარიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ ფერმერი გორში „წითელ ოქროდ“ წოდებულ სანელებელს – შაფრანს 10 წელია აწარმოებს. მისივე ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე შაფრანზე მოთხოვნა ფაქტობრივად არ არის, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე მასიური რეალიზაციისთვის ბიო სერტიფიცირებაა საჭირო, რომელიც დიდ ფინანსურ ხარჯს მოითხოვს.
“ქართულ ბაზარზე მოთხოვნა არ არის. საერთაშორისო ბაზარზე მოთხოვნა კი არის, მაგრამ საჭიროა ბიო სერტიფიკატი, მომხმარებლის მოძებნა და ა.შ. მე სამწუხაროდ ბიო სერტიფიკატი არ მაქვს. საფრანგეთის ლაბორატორიაში პერიოდულად ნიმუშებს ვაგზავნი და ლაბორატორიის დასკვნა მაქვს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. პროდუქცია უნდა იყოს ბიო სერტიფიცირებული. ბიო სერტიფიკატის მიღება მინდოდა, თუმცა მინიმუმ 2 წლით გადავადდა. საქმე ისაა, რომ თავდაპირველად არ ვიცოდი, თუ რა პრინციპით ხდება ბიო სერტიფიკატის მიღება. მას 3 წელი სჭირდება. უნდა დაიწყოს ბოლქვების დარგვიდან, 3 წლის მანძილზე მონიტორინგი მიმდინარეობს, თანაც 3 წლის განმავლობაში 3000 დოლარი უნდა გადაიხადო და შემდეგ ბიო სერტიფიკატს მოგცემენ. ეს სერტიფიკატი 1-წლიანია. ამიტომ, მომავალ წელს ისევ ახლიდან უნდა ჩაატარო მონიტორინგი და ახლიდან აიღო ბიო სერტიფიკატი. ამხელა ხარჯი ჩვენთვის გამოწვევაა.
საქართველოში 1 გრამს 20 ლარად, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე 5 ევროდან 25 ევრომდე მერყეობს. გააჩნია პროდუქციას სად გაყიდი. ქართული შაფრანი საერთაშორისო ბაზარზე წარმოებულ შაფრანთან კონკურენტუნარიანია. არაფრით არ ჩამოუვარდება არცერთი ქვეყნის წარმოებულ შაფრანს“, – ამბობს მერაბ ინასარიძე.
მისივე ინფორმაციით, წელს მათი მოსავალი დაახლოებით 4 კილოგრამზე ცოტა მეტი იქნება. ის ასევე დასძენს, რომ მისი ბიზნესის გაფართოებით არაერთი ბიზნესია დაინტერესებული და თუ მეწარმე პროდუქტს ნორმალურ ფასში გაყიდის, სავარაუდოდ ბაღის 2 ჰა-მდე გაფართოებას გეგმავს, რაც მოსავალს 20 კილოგრამამდე გაუზრდის.
„სახელმწიფო საერთოდ არ არის ჩართული. მე მინდა, რომ ეს კულტურა არ გაქრეს, თუ მე არ გავაფართოვე და არ გავავრცელე გაქრება. კი აქვს რამდენიმე ადამიანს ეს მეურნეობა, თუმცა ამას მასიური სახე არ აქვს. 2 წელიწადში, დაახლოებით მილიონი ბოლქვი მექნება, რომელიც 2 ჰა-ში სუფთა ნათესს დარგავს“, – განაცხადა ფერმერმა.