მესტიაში მდებარე სასტუმრო “ფოსტას” გენერალური მენეჯერი, გვანცა ფალიანი მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საუბრობს და აცხადებს, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს დატვირთულობის გაზრდის მოლოდინი აქვს. ამის შესახებ მან BM.GE-სთან განაცხადა.
“აპრილში თითქმის არავინ გვყავდა. მაისის 10 რიცხვამდე ჯავშნები აქა-იქ არის. მაისის 10 რიცხვიდან ოქტომბრის ბოლომდე არის ჯავშნები, თუ არ გაგვიუქმდა. ისე ნორმალური ჯავშნების რაოდენობაა. გასულ წელთან შედარებით, წელს ჯავშნები თუ არ გაგვიუქმდა, მეტი დატვირთვა გვექნება”, – აღნიშნავს ფალიანი.
გვანცა ფალიანის განცხადებით, სასტუმროს უკვე მიღებული აქვს რამდენიმე ჯავშანი ტურისტული კომპანიებისგან, მათ შორის – კორეელი, ჩინელი, ებრაელი და ესპანელი ტურისტებისთვის.
რაც შეეხება ფასებს, ფალიანი ამბობს, რომ სასტუმრომ წელს ფასები დააკორექტირა: “წელს ფასები ოდნავ გავზარდეთ, თუმცა კომპანიების თხოვნით, რომ დაბალ ბიუჯეტიანი სტუმრები ჰყავთ, ფასები ისევ გასული წლის მაჩვენებლებამდე დავწიეთ”, – ამბობს გვანცა ფალიანი.
ამ დროისთვის, სასტუმრო “ფოსტაში” სტანდარტულ ორადგილიან ნომერში ერთი ღამით დარჩენა საუზმით 350 ლარი ღირს, თუმცა ფასები განსხვავდება პარტნიორი პლატფორმებისთვის, მათ შორის Booking.com-ის მომხმარებლებისთვის და ტურისტული კომპანიებისთვის.
ინფორმაციისთვის, საჯარო რეესტრის მიხედვით, სასტუმრო “ფოსტა” რეგისტრირებულია 2017 წელს, მისი მფლობელიც შპს სეტი + -ია. კომპანიის დირექტორი არჩილ მესხიძეა. რაც შეეხება მეწილეებს, შპს სეტი + -ის 66.7%-იანი წილი ოთარ ჩართოლანს ეკუთვნის, 33.3% კი, “ხალხის ძალის” ერთ-ერთ ლიდერ, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს. მისი წილის მმართველი ნათია ხვისტანია.