“წელს, მოცვის მოსავლის 30%-იან ზრდას ველით” – “ბლუ ბერდ ბერიზ”

ისრაელ-ირანის კონფლიქტი ექსპორტის წილიდან გამომდინარე სერიოზულ ფინანსურ დარტყმას ვერ მოგვაყენებს – „ბლუბერია“

საქართველოში ლურჯი მოცვის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში გადადის. სექტორის წარმომადგენლების ნაწილი ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის და შემდგომ საგაზაფხულო ყინვის გამო მოსავლიანობა 20-30%-ით შემცირდა, თუმცა წელს ჯამური მოსავლიანობა ახალი ფართობების დამატების ხარჯზე გაიზრდება.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, გასულ წელს მოსავლის 90%-ზე მეტი რუსეთში გაიყიდა და მთავარი გასაღების ბაზარი წელსაც ის იქნება. თუმცა კომპანია “ბლუბერიას” დირექტორის თქმით, წელს გარკვეული მოცულობები უნდა გადატვირთულიყო ისრაელშიც, თუმცა ირანთან მიმდინარე კონფლიქტის გამო მოცვის ექსპორტი ისრაელში დიდი ალბათობით ვეღარ განხორციელდება.

რაც შეეხება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტს, კონფლიქტიდან გამომდინარე გაუქმებული ავიარეისების გავლენით შეფერხდება თუ არა მოცვის გატანა სპარსეთის ყურის ქვეყნებში და დუბაიში, მომავალ კვირამდე გაირკვევა. აღნიშნული მიმართულებით საქართველოდან გასულ წელს 600 ათასი დოლარის ღირებულების 73 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელი თვლის, რომ ისრაელ-ირანის კონფლიქტი ექსპორტის წილიდან გამომდინარე სერიოზულ ფინანსურ დარტყმას საქართველოს ვერ მიაყენებს.

„ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, მოსავლიანობა კონკრეტული ფერმერებისთვის შემცირდა. მაჩვენებლები რეგიონის მიხედვით განსხვავებულია, თუმცა ძირითადად 20-30% მაინც არის ზარალის ოდენობა.

რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, ამ ეტაპზე დიდი რაოდენობით არ ხდება არც სპარსეთის ყურეში, არც ისრაელში მოცვის გატანა, უბრალოდ ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით და მომავალში, როცა ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობა გვექნება, მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას ჰქონდა გეგმა შემუშავებული, რომ ისრაელშიც უნდა წასულიყო წელს საკმაოდ შთამბეჭდავი სატესტო პარტია,რაც 99% აღარ წავა.

დუბაიში ჯერჯერობით მშვიდობაა, ახალია კონფლიქტი და ვნახოთ როგორ მოგვარდება რეისების და თვითმფრინავების განრიგი. თუ ლოგისტიკის პრობლემა შეიქმნება გატანაც ვერ მოხდება ან იმდენად ძვირი დაჯდება, რომ აზრი დაეკარგება სპარსეთის ყურეში ექსპორტს. ეს საკითხი ერთი კვირის მერე უფრო ცნობილი იქნება.

ამასთან, ქვეყანაში არის რამდენიმე საკმაოდ სერიოზული ინფრასტრუქტურა, სადაც შეიძლება მოცვის გაჩერება და დასაწყობება. ვფიქრობ, არაბეთში რაც უნდა გატანილიყო, არ არის ის რაოდენობა, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემა შეგვიქმნას, 4-5 ისეთი მაცივრებია, რომ 1 თვეც რომ იყოს დაყოვნებული, პრობლემა არ შეიქმნება. შარშან 50 ტონაზე მეტი გავიდა არაბეთში, შესაბამისად, სერიოზულ ფინანსურ დარტყმას ვერ მოგვაყენებს ექსპორტის წილიდან გამომდინარე“,-აცხადებს დავით დობორჯგინიძე.

„ბლუბერიას“ დირექტორი აცხადებს, რომ მოსავლის აქტიურ ფაზაში გადასვლიდან გამომდინარე ადგილობრივ ბაზარზე ფასი მოცვზე მიმდინარე კვირის ბოლოდან შემცირდება.

„ჯერჯერობით ფასი სტაბილურია, ეს გამოწვეული არ არის ზარალით, არამედ იმით, რომ მოსავლის აღების პერიოდმა დაიგვიანა ანუ საადრეო ჯიშების და საგვიანო ჯიშების კრეფა ფაქტობრივად ახლა მიმდინარეობს. პირველი ეტაპის ფასებმა ასე თუ ისე ნორმალურად ჩაიარა, შემდეგ კვირაში ფასებშიც იქნება საკმაოდ დიდი ცვლილება და ფასი დაიწევს ქვემოთ. ფასი თუ წინა კვირაში იყო 17-20 კილოგრამზე, ამ კვირაში აუცილებლად შემცირდება“,-აცხადებს დავით დობორჯგინიძე.

საქართველოში წარმოებული ლურჯი მოცვის 90%-ზე მეტი რუსეთში გადის ექსპორტზე. მაგალითად, გასულ წელს, აღნიშნულ ბაზარზე 24,2 მილიონი დოლარის ღირებულების, 4 268 ტონა პროდუქტი გადაიტვირთა. მთავარ საექსპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა გერმანია ( 358 ტონა, $1,8 მლნ), მას მოსდევს სომხეთი (104 ტონა, 668 $ათასი) და არაბთა გაერთიანებული საამიროები ( 73 ტონა, 600 $ათასი).

საქართველოში მოცვის ბაღების ზრდასთან ერთად წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტიც. მაგალითად, თუ 2021 წელს ქვეყნიდან 5,6 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა ექსპორტზე, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 8,5 მილიონ დოლარამდე, 2023 წელს 21,2 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, გასულ წელს კი 28,2 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *