გაუარესებული კლიმატური პირობების გამო, წელს მოცვის მოსავლის შემცირებაა მოსალოდნელი – “აგროლეინი”

გაუარესებული კლიმატური პირობების გამო, მოცვის მწარმოებელი კომპანია “აგროლეინი” მოსავლის 20%-იან შემცირებას პროგნოზირებს. ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ღვინიაშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიის მეურნეობა 40 ჰა-ზეა გაშენებული და სტანდარტულად, წელიწადში დაახლოებით 300 ტონა მოცვის მოსავალს იძლევა, თუმცა წლევანდელი კლიმატური პირობების გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ მოსავლის მეხუთედი დაიკარგება.

„წელს, არასტანდარტული კლიმატური მდგომარეობაა. ამინდების გაუარესების გამო, ვფიქრობ, ფერმერები მოსავლის 20%-ს დაკარგავენ“, – განმარტა ღვინიაშვილმა.

მიუხედავად გამოწვევებისა, კომპანიის მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, მოცვის ფასი წლიურად, დაახლოებით 20-30%-ით გაიზარდა.

კომპანიამ წელს მეურნეობაში პირველად ლიცენზირებული ჯიშები დანერგა, რომლებიც, ღვინიაშვილის თქმით, ბაზარზე უკეთეს მახასიათებლებს სთავაზობს: „ეს ჯიშები უფრო მკვრივია, მსხვილი და ვიზუალურად მეტად მიმზიდველი. ლიცენზიის ღირებულება $5,000-ს აღწევს, ხოლო ყოველწლიური მოსაკრებელი ჰექტარზე – $1,000-ს. მსგავსი პრაქტიკა წელს პირველად დაინერგა საქართველოში“, – თქვა მან.

„აგროლეინი“ უკვე თანამშრომლობს საცალო ქსელებთან – „კარფური“ და „ნიკორა“, ხოლო სხვა სუპერმარკეტებთან გაფართოებას ჯერჯერობით არ გეგმავს.

როგორც ღვინიაშვილი აღნიშნავს, კომპანიამ მოცვის ბიზნესში პირველი ნაბიჯები 2011 წელს გადადგა, ხოლო დღეს ადგილობრივი ბაზრის განვითარებასთან ერთად, მზარდი მოთხოვნა პროდუქციაზე ექსპორტზეც თვალშისაცემია, რომლის წილი მეურნეობაში 70%-ს შეადგენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *